ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

20/11/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.
ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ვლადიმირ ადრეიჩენკოსთან გამართა.
ვლადიმირ ადრეიჩენკოს განცხადებით, ირაკლი კობახიძისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი პირველი უმაღლესი რანგის საპარლამენტო ვიზიტია ორი ქვეყნის ურთიერთობის განმავლობაში, რაც დინამიურ ორმხრივ ურთიერთობებზე მეტყველებს. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ბელარუსის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების აქტიური მუშაობისა და გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ეკონომიკურ, ფინანსურ, მედიცინის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0