ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის წევრს შეხვდა

31/10/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის (ბუნდესტაგის) წევრს დორის ბარნეტს შეხვდა, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში, სტუდენტების შესარჩევად იმყოფება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ეკონომიკურ განვითარებაში გერმანიის მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ბუნდესტაგის წევრმა კი ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს სახით გერმანიას რეგიონში ჰყავს ძალიან კარგი და სტაბილური პარტნიორი.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო პროგრამები და განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განათლების სფერო მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი და პრიორიტეტული მიმართულებაა.
გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება, რაც მათი ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევაა. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ორივე რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკას.
საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობასაც. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო რუსეთთან აწარმოებს პრაგმატულ პოლიტიკას. შედეგად, გაუმჯობესდა ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები, რაც მნიშვნელოვანია რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0