ირაკლი კობახიძე ევრონესტის თანათავმჯდომარეს შეხვდა

05/07/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, ევრონესტის თანათავმჯდომარეს, რებეკა ჰარმსს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. რებეკა ჰარმსმა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, ჩვენი ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს ევროპარლამენტში მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს.
„ცალსახაა, რომ მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს საქართველოს, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ამაზე, ბუნებრივია, ინტენსიურად მიდის საუბარი იმისთვის, რომ სხვადასხვა ასპექტში გაიშალოს ეს თანამშრომლობა“,- აღნიშნა პარლამენტის წევრმა. მისივე თქმით, პოზიტიურადაა შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი.
„ასევე, საუბარი იყო მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე. ფაქტია, რომ ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული მთლიანი პროცესი. ყველა მხარე მოუწოდებს, რომ ოპოზიციის მხრიდანაც იყოს კონსესუსისკენ გადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რომ მართლაც შედგეს კონსესუსი და არა საუბარი ულტიმატუმების ფორმით.
ცალსახაა, რომ ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მოწონებულია და ძალიან დადებითად არის აღქმული“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ევრონესტის თანათავმჯდომარესთან შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0