ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელაგაციის წევრები ევროპარლამენტის წევრს, ანა გომეშს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ზოგადად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტებზე ისაუბრეს. ანა გომეშა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. შეხვედრისას საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს შეეხო. ევროპარლამენტის წევრმა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს რეფორმების გატარებაში მხარდაჭერა გამოუცხადა. ირაკლი კობახიძემ ანა გომეშს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.