ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

09/11/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო გამორჩეულია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით, რაც ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობასა და დიპლომატების მიმართ არსებულ კეთილგანწყობაზე მეტყველებს.
შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრეს, საუბარი, ასევე, შეეხო არსებული გამოწვევების საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების მნიშვნელობასაც.
არსებული თანამშრომლობის კიდე უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე საუბრისას, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებაც, რაც ქვეყნებს ერთმანეთთან მეტად დააახლოებს.
ირაკლი კობახიძემ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ელჩმა აღნიშნა, რომ გულდაწყვეტილია საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულებით და პარლამენტის თავმჯდომარეს მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, თურქეთის მომავალი ელჩი ჩვენს ქვეყანას კარგად იცნობს და დიპლომატიური მისიის დაწყებას მოუთმენლად ელოდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0