ირაკლი კობახიძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერს შეხვდა

04/09/2017

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერი პარკ იო სუნი და ასამბლეის დელეგაცია მიიღო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა, ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, განსაკუთრებით, ვაჭრობის, ენერგეტიკის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.
ირაკლი კობახიძემ პარკ იო სუნს მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეშფოთება გამოხატა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული ბომბის გამოცდასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულის, არამედ გლობალურ უსაფრთხოებას.
კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერმა წუხილი გამოთქვა ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის გამო. მისი თქმით, კორეის რესპუბლიკა მზადაა საქართველოს ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაში დაეხმაროს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების მდგომარეობაზე. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაციას ის ეროვნული ასამბლეის წევრებს მიაწვდის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0