ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

19/11/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ეროვნული კრების საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩს შეხვდება, რის შემდეგაც, პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერენ ხელს.
დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან, პრემიერ მინისტრ ანდრეი კობიაკოვთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეისთან, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე პაველ კალაურთან.
ვიზირის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვდება ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო ქაცარავა, ირაკლი კოვზანაძე, გიორგი ბეგაძე, კობა კობალაძე, ლაშა დამენია, ალექსანდრე ქანთარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0