ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

30/05/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რეპუბლიკის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა მიიღო, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. როგორც ანჯეი დუდამ აღნიშნა, პოლონეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებით, რადგან, მისივე თქმით, ამ მიმართულებით თანამშრომლობას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებაც ისაუბრეს. პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა მხარს მტკიცედ უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. როგორც ანჯეი დუდამ აღნიშნა, საქართველო იმსახურებს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა,ასევე, ისაუბრეს რეგიონული სტაბილურობისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების შესახებ. ირაკლი კობახიძემ ანჯეი დუდას ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის რეპუბლიკის სენატსა და სეიმს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. მხარეები ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0