ირაკლი კობახიძე პროგრესული ალიანსის ყრილობაში იღებს მონაწილეობას

12/03/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბერლინში იმყოფება, სადაც პროგრესული ალიანსის ყრილობაში იღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
„დღეს ბერლინში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება – პროგრესული ფორუმის ღონისძიება, სადაც აირჩევა საერთაშორისო ორგანიზაციის გამგეობა. ეს არის ის საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც აერთიანებს მემარცხენე პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ვართ ამ გაერთიანების წევრი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ძალიან მაღალი დონის ღონისძიებაში მონაწილეობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ყრილობაში მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – მამუკა მდინარაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი იღებენ.
დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, დღეს პროგრესული ალიანსი სადამფუძნებლო ფორუმს ატარებს.
„ ეს არის პროგრესული ალიანსი, რომელიც ატარებს თავის სადამფუძნებლო ფორუმს. „ქართული ოცნების“ პარტია არის ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ჩვენს კოლეგებთან ერთად ამ ფორუმის მუშაობაში უკვე წლების განმავლობაში და დღეს უკვე დამფუძნებლების ფორმატში ჩართულები და მონაწილეები ვართ ამ ყველაფრის“,- განაცხადა დეპუტატმა. მისივე თქმით, ყრილობაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი პოლიტიკური ძალებიც, მათ შორის, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, პორტუგალიის სოციალისტური პარტია, შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომლებსაც ყრილობაზე თავად ამ ქვეყნების პრემიერ მინისტრები წარმოადგენენ. „ეს არის ძალიან მაღალი რანგის ფორუმი, რომელშიც ჩვენი მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან დიდი პატივიც არის და ძალიან დიდი შესაძლებლობაც ჩვენი ქვეყნის შემდგომი წარმოჩენისა და იმ რეფორმების წარმოჩენისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
პარლამენტის წევრის თქმით, დღეს ყრილობაზე შეკრებილები საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებენ, ხოლო ხვალინდელი დღე პოლიტიკურ გამოსვლებს და მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბარს დაეთმობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0