ირაკლი კობახიძე უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

12/06/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო და უკრაინა არა მხოლოდ პარტნიორები, არამედ მეგობარი ქვეყნები არიან და ორივე ქვეყნის ვალია, მჭიდრო მეგობრული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის მოხარულია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი ურთიერთობების გააქტიურების ფონზე აღინიშნება. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას საერთო გამოწვევები და მიზნები აკავშირებთ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ დეპუტატებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა და თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც უკრაინა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატავს.
შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მეგობრობის ჯგუფებს ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკაზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ დეპუტატებს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებები მიულოცა. აგრეთვე, აღნიშნა, რომ უკრაინასთან ურთიერთობა საქართველოს განსაკუთრებული პრიორიტეტია.
უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ხვიჩა მეფარიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში მიიწვია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0