ირაკლი კოვზანაძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

27/10/2017

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოს პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ძირითადი ფუნქციები და საქმიანობის სპეციფიკა გააცნო. ირაკლი კოვზანაძე სტაჟიორებს ესაუბრა საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობასა და ვალდებულებებზე. მის წინაშე საზედამხედველო ანგარიშვალდებულებებზე ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და პარლამენტში განხილვის პროცედურებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კოვზანაძემ სტაჟიორებს კომიტეტის სამუშაო და სათათბირო სივრცეები და ყოველდღიური სამუშაო გარემო ადგილზე გააცნო. „ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. სტაჟიორები სვამენ შეკითხვებს ყველა მიმართულებით. მათ აინტერესებთ საბიუჯეტო პროცესი, აინტერესებთ საკითხები, რომელიც ეხება ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო კოდექსს, ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, არსებულ ინფლაციურ პროცესებს, ლარის კურსს, სახელმწიფო აუდიტთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩემთვის, როგორც არა მარტო პარლამენტარისთვის, არამედ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორისთვის, ეს ძალიან სასიამოვნო და მისაღები პროცესია, რომელსაც ურთიერთსარგებლობა მოაქვს. სტაჟიორები ჩვენგან იღებენ მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას და ჩვენც ვხვდებით, რაზე შეიძლება უფრო მეტი კოორდინირება და ფოკუსირება გავაკეთოთ ჩვენს მომავალ საქმიანობაში. ყოველთვის გავაგრძელებ ამ მიმართულებით ჩვენს სტაჟიორებთან მუშაობას,“-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0