ირაკლი კოვზანაძე სუვერენული ფონდების ევროპის სამიტში მონაწილეობს

23/10/2017

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ამსტერდამში, სუვერენული ფონდების (SWFI) ევროპის სამიტში მონაწილეობს და სიტყვით გამოვა საპენსიო, სუვერენული და სხვა ტიპის ფონდების რეგულატორების და პოლიტიკის შემქმნელების პანელზე.
„ეს არის მაღალი დონის შეხვედრა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საპენსიო და სუვერენული ფონდების, მრავალ მილიარდიანი აქტივების მფლობელები, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები და მათი ზედამხედველები მონაწილეობენ და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ამავე დროს ეცნობიან სხვადასხვა ბაზრის პერსპექტივებს და საფუძველს უყრიან მომავალ საერთო თანამშრომლობას“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ღონისძიებაზე დაგეგმილია მთელი რიგი საფინანსო და საინვესტიციო საკითხების განხილვა, კერძოდ: სახელმწიფო და კერძო თანამშრომლობის (PPP) კონკრეტული სტრატეგიების აგება და რეგულაცია, საპენსიო ფონდების აქტივების განკარგვა და ზედამხედველობა, ფონდების კაპიტალი და რისკმენეჯმენტი, ალტერნატიული ინვესტიციები განვითარებული ქვეყნებისთვის და სხვა.
SWFI-ის ყოველწლიური სამიტი ამსტერდამში 23 და 24 ოქტომბერს იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მაღალი დონის ბიზნეს ლიდერებს, ინსტიტუციურ ინვესტორებს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებს და საფინანსო პოლიტიკის შემქმნელებს მასპინძლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0