ირაკლი ლექვინაძე საერთაშორისო საშემფასებლო კონფერენციას დაესწრო

22/06/2017

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე „საპარტნიორო ფონდისა“ და “საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების” მიერ ორგანიზებულ, II სამეცნიერო-პრაქტიკულ საერთაშორისო საშემფასებლო კონფერენციას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. კონფერენციაზე დისკუსია შეფასების პრაქტიკულ საკითხებზე, საშემფასებლო სტანდარტებსა და საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით შედგა. გაიმართა მსჯელობა საშემფასებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონის თაობაზე. კონფერენციის ძირითადი თემები იყო შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების შეფასება, უძრავი ქონების შეფასება დაბეგვრის მიზნებისათვის და სხვა. „თბილისის მერია აქტიურად უჭერს მხარს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების დღევანდელ ღონისძიებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მასშტაბის კონფერენცია იმართება თბილისში, 12-ზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტი დელეგატია ჩამოსული და გარდა საქმიანი და პროფესიული დისკუსიებისა, რომელიც დღეს გაიმართება კონფერენციაზე, მათთვის იქნება ტური თბილისში. მნიშვნელოვანია, თბილისის ყველა სტუმარმა იცოდეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც გააჩნია თბილისის ეკონომიკას და ასევე, იმ ტურისტული პოტენციალის შესახებ, რაც გააჩნია თბილისს“,-განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს შემფასებელთა საერთაშორისო ორგანიზაციების 12-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე დელეგატი. კონფერენციას ესწრებოდა ევროპის საშემფასებლო ასოციაციების (www.tegova.org) პრეზიდენტი შიშტოფ ჟიჟეკი. სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო საშემფასებლო კონფერეცია 22-23 ივნისს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0