ირაკლი ტაბაღუა ფონდ ,,ნატახტარის’’ და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის” წარმომადგენლებს შეხვდა

15/11/2017

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ფონდ ,,ნატახტარის’’ და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის” წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით შემუშავებული ახალი პროგრამის დეტალები და აღნიშნულ კამპანიაში რუსთავის თვითმმართველობის ჩართულობის საკითხები განიხილეს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებული, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან, კერძოდ, კი მინდობით აღზრდიდან და მცირე საოჯახო სახლებიდან, სრულწლოვანობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდები, რომელთაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში სულ მცირე 2 წელი გატარეს.
პროგრამის შემუშავებაში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა მონაწილეობდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.
დღესვე, ფონდ ,,ნატახტარისა” და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის” ინიციატივით, ,,ზრუნვის სისტემაში აღზრდილი ახალგაზრდების დახმარების სახელმწიფო პროგრამის” პრეზენტაცია ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის’’ რუსთავის ოფისში მოეწყო.
ღონისძიებას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფონდ ,,ნატახტარის’’ და ,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის” წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ახალი პროგრამის შესახებ, რომლის მიზანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.
ფონდი ,, ნატახტარი” 2011 წლიდან მუშაობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოზარდებთან, შესაბამისად, ფონდი ადგილობრივ თვითმმართველობებს ამ ნაწილში თანამშრომლობას სთავაზობს. თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი შეძლებს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების შეფასებას, ინტერვენციის დაგეგმვას და მონიტორინგს. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა, კი შეიძლება გამოიხატოს მათთვის საცხოვრებლის დაქირავებაში, კომუნალური გადასახადების დაფარვასა და/ან სამგზავრო შეღავათების დაწესებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0