ირაკლი ქარსელაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

22/01/2024

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, მელინე არაკელიანთან. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და აღნიშნეს მათი კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობა. შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები. ირაკლი ქარსელაძემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესზე. ასევე, გააცნო “საქართველოს განვითარების სტრატეგია ხედვა 2030”-ის ფარგლებში, დაგეგმილი პროექტები, რომელიც მოიცავს როგორც საგზაო, ისე წყალმომარაგების, წყალარინების, ურბანული განახლების, ნარჩენების მართვის და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას. ნიდერლანდების ელჩმა დადებითად შეაფასა ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური წინსვლა, ინფრასტრუქტურული განვითარების დინამიკა და დასახული გეგმები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. მელინე არაკელიანმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. შეხვედრის ბოლოს, ირაკლი ქარსელაძემ მელინე არაკელიანს წარმატება უსურვა საქმიანობაში საქართველო-ნიდერლანდებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე კუთხით. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0