ირლანდიაში საქართველოს საელჩომ ვიშეგრადის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს პრეზენტაციაში საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა

24/11/2017

საქართველოს საელჩომ საპატიო სტუმრის სტატუსით „ვიშეგრადის ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ ბიზნეს პრეზენტაციაში “Vishegrad4 Startups in Ireland, Czech Republic, Hungary, Poland, Slovakia and Georgia as special guest” მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი წარსდგა პრეზენტაციით საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ: Georgia – A Country Full of Opportunites.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გააცნო საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში ბიზნესის წარმოების მხრივ არსებული შესაძლებლობები, მთავრობის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები და საქართველოს რეგიონალური და სატრანზიტო მნიშვნელობა. ამასთან, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა სხვადასხვა წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციაზე და ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ახალ სარეიტინგო მონაცემებზე Easy Doing Business by World Bank სადაც საქართველო აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყანა, რეიტინგში მე-9 ადგილით.
ბიზნეს პრეზენტაციაში ასევე მიიღო მონაწილეობა კომპანიამ ‘’Classic Drinks’’, რომელიც მ.წ. ბოლომდე იწყებს ქართული ღვინის იმპორტს ირლანდიაში. ღონისძიების დასასრულს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და ქართული კერძებით გაუმასპინძლდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ოფიციალურად გახსნა ირლანდიის ვაჭრობის, დასაქმების, ბიზნესის, ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრისა და მონაცემთა დაცვის სახელმწიფო მინისტრმა პეტ ბრინმა, ღონისძიება უნგრეთის, როგორც ვიშეგრადის ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანის მიერ იყო ორგანიზებული.
ბიზნეს პრეზენტაციას ესწრებოდნენ ირლანდიაში მოქმედი ადგილობრივი ბიზნესისა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0