იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ დიდი ინტერესია, რაც ცხადყოფს, რომ სამსახურის საქმიანობა ქმედითია

01/12/2017

იურიდიული დახმარების სამსახურმა 10 წლის იუბილე და უფასო დახმარების რიგით მე-150 000 ბენეფიციარის მომსახურების ფაქტი აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ოფისში გაიმართა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში-იანოშ ჰერმანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სამსახურის საქმიანობის მნიშვნელობასა და უწყების პარლამენტთან ანგარიშვალდებულების საკითხებზე ისაუბრა.
„150 ათასი ბენეფიციარის მომსახურება მოწმობს, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ დიდი ინტერესია, რაც ცხადყოფს, რომ სამსახური საქმიანობა არის ქმედითი და სათანადოდ უზრუნველყოფს მოქალაქეები ინტერესების და უფლებების დაცვას. იურიდიული დახმარების სამსახურს მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს და მისი საქმიანობა ადამიანის უფლებებს და მათ რეალიზებას უკავშირდება.ამით, სამსახურს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში სამართლის და კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებაში. მოხარული ვარ, რომ ჩვენ გვაკავშირებს ინსტიტუციური ურთიერთობა.
იურიდიული დახმარების სამსახური პარლამენტთან პირდაპირ ანგარიშვალდებული უწყებაა და თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ყოველდღიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე იურიდიული დახმარების სამსახურის ქმედითი და გამართული მუშაობისთვის გაწეული წვლილისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს სამადლობელი სიტყვებით მიმართა.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ 10 წლის განმავლობაში სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ თავად ის ციფრი, რაც 150 ათასი კონსულტაციის გაწევას გულისხმობს, მეტყველებს თუ რაოდენ დიდი სამუშაო ჩატარდა ბოლო წლების განმავლობაში. სამსახურის ხელმძღვანელმა უწყების ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, საკომუნიკაციო კამპანიის დაწყებაზეც ისაუბრა და ის აქტივობები ჩამოთვალა, რაც აღნიშნული კამპანიის ფარგლებში გაიმართება.
ღონისძიების მონაწილეებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი მიესალმა და წარმომადგენლობის და იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. „ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ქართველისთვის, მათი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისი მიუხედავად, ხელმისაწვდომი ყოფილიყო მაღალ პროფესიული იურიდიული კონსულტაცია და სასამართლო წარმომადგენლობა“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. საიუბილეო ღონისძიებას უშუალოდ 150 000-ე ბენეფიციარი, აფხაზეთიდან დევნილი, დავით ჯანჯღავაც დაესწრო, რომელმაც საცხოვრისი ფართით უზრუნველყოფის საქმეში სამსახურის მიერ გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა კიდევ ერთხელ შეაფასა.
„იურიდიული დახმარების სამსახური ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს – ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, მათი ინტერესების დაცვა. დღეს ჩვენ დავესწარით ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, ათი წლის განმავლობაში 150 ათას ბენეფიციარს გაუწია დახმარება იურიდიული დახმარების სამსახურმა და ამ შემთხვევამაც, ამ საქმემაც ცხადყო, თუ რამდენად ქმედითია იურიდიული დახმარების სამსახური. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს პირდაპირი ინსტიტუციური კავშირი სამსახურთან და პარლამენტი განაგრძობს სამსახურის მხარდაჭერას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0