იურიდიული დახმარების სამსახურს ჩვენს მმართველობის სისტემაში განსაკუთრებული როლი და ფუნქცია ეკისრება

30/01/2018

„ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტსა და იურიდიულ დახმარების სამსახურს პირდაპირი ინსტიტუციური კავშირი აქვს. თანამშრომლობის ძალიან კარგი პრაქტიკა გვაკავშირებს. იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა ძალიან მაღალია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციული ოფისის გახსნასა და ვებ-გვერდის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„მხარდაჭერა გამოიხატება იმით, რომ ვცდილობთ, მუდმივად დავხვეწოთ ამ სფეროში კანონმდებლობა. ვცდილობთ, ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიები გავაძლიეროთ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გამართულ ფუნქციონირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრება.

„იურიდიული დახმარების სამსახური არის ის ინსტიტუცია, რომელიც ამ სფეროში ადამიანებისთვის მომსახურების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. აქედან გამომდინარე, მის გამართულ ფუნქციონირებას ეკისრება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს სამსახური დაკავებულია არა მხოლოდ ადამიანებისთვის კონკრეტული პრობლემების მოგვარებით, არამედ, ის არის ზოგადად დაკავებულია იმით, რომ საქართველოში უკეთესად იყოს დაცული ადამიანის უფლებები. იურიდიული დახმარების სამსახურს ეკისრება განსაკუთრებული როლი და ფუნქცია ჩვენს მმართველობის სისტემაში. შესაბამისად, ის საჭიროებს და იმსახურებს ძალიან დიდ მხარდაჭერას“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამსახურის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის ევროკავშირსა და გაეროს განვითარების პროგრამას მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების წვლილი და პარლამენტის სახელით, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს-ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამას იმ მხარდაჭერისთვის, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში უწევენ იურიდიული დახმარების სამსახურს. მათმა დახმარებამ, მხარდაჭერამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს ეს სამსახური ფუნქციონირებს გამართულად და არის წარმატებით დაკავებული ადამიანების პრობლემების მოგვარებით და ადამიანების უფლებების დაცვით. აქ ხაზი უნდა გაესვას, რომ იურიდიული დახმარების სამსახური ზუსტად იმ ადამიანებს უწევს მხარდაჭერას, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება. ეს არის ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და ამისათვის, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ მადლიერი, როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელობის, ისე თითოეული თანამშრომლის, თითოეული იმ ადამიანის, რომელიც დაკავებულია ადამიანის უფლებების დაცვით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შემიძლია გამოვხატო ძალიან მყარი მხარდაჭერა პარლამენტის სახელით იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში – იანოშ ჰერმანმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ნილს სკოტმა.
იურიდიული დახმარების სამსახურის ინფრასტრუქტურის განახლება და მოწყობა განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „EU4Justice”: მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0