იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

10/05/2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, კომიტეტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიმართა.
„ყველა ასრულებთ ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას და სამუშაოს იმისთვის, რომ ქვეყანაში გავაძლიეროთ დემოკრატიული პროცესი და გვქონდეს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი როგორც საკანონმდებლო, ასევე სამართლებრივი და დემოკრატიული პრინციპების კუთხით. რამდენიმე კვირის წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. კომიტეტს პირველად აქვს ასეთი მნიშვნელოვანი და სისტემატიზირებული დოკუმენტი და ახლა საჭიროა, რომ დავიწყოთ უკვე ამ გეგმის ხორცშესხმა“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
შეხვედრის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმის იმ აქტივობებზე ისაუბრეს, რომელთა განსახორციელებლად კომიტეტს დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა სჭირდება.
გაიმართა პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო დონორ ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობის მიმართულებები, ესენია: საკანონმდებლო საქმიანობა; საპარლამენტო ზედამხედველობა; კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობა; კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობა; კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ის საკითხები, რომლებსაც აღნიშნული მიმართულებები მოიცავს.
დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ორგანიზაციების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
სამოქმედო გეგმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ მხარდაჭერით მომზადდა, რომელიც ითვალისწინებს 2017-2018 წლებში კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის პრიორიტეტებს, აგრეთვე, კომიტეტის სხვა აქტივობებს ორგანიზაციული და კომუნიკაციის საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0