იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

15/06/2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, – რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
კანონპროექტის მიზანია „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით განსაზღვრული პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირებისათვის ვადის (2017 წლის 1 ივლისი) გახანგრძლივება, რომლის განმავლობაშიც ამ პირებს მათ მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის შესაძლებლობა ექნებათ. თუ სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო აღნიშნული შუამდგომლობა ან საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციოს განჩინება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და მიუთითა დაუშვას აღნიშნული შუამდგომლობა, სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად, ზეპირი მოსმენით. საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნით პარლამენტის წევრებს: ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძესა და ოთარ ჩრდილელს.
კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ასევე დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება კანონპროექტებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონი ცვლილების შეტანის თაობაზე” (ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გედევან ფოფხაძე), „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი), კომიტეტმა ისინი მესამე – საბოლოო მოსმენით განიხილა.
მათგან პირველი კანონპროექტი იმ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის წესის განსაზღვრას ითვალისწინებს, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს. ხოლო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის მიზანი 2017 წლის 1 ივლისიდან „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი იმ ცვლილების ტექნიკური მიზეზებით გაუქმების თავიდან აცილებას, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციური რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში განხორციელდა.
კომიტეტის წევრებს განხილული კანონპროექტების მიმართ შენიშვნები არ ჰქონდათ და სხდომის დასასრულს ერთხმად დაუჭირეს მხარი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განსახილველად მათ გატანას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0