იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივებს მხარი დაუჭირა, საიას საკანონმდებლო წინადადება კი უარყოფილად ცნო

28/06/2017

გაიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე კენჭისყრის პროცედურა გაიმართა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა კომიტეტის წინა დღის სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.

კომიტეტმა კანონპროექტს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი ხდომილებისას, როდესაც მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და/ან ქონებას ადგება ზიანი, მოხდეს მიყენებული ზიანის შემცირება და სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისათვის უფრო მეტი დაცვის უზრუნველყოფა.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ასევე კანონპროექტთა პაკეტს: „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“; „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებს.

აღნიშნული კანონპროექტებიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და მათი მიზანია საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად წარმოქმნილი იმ სამოქალაქო ურთიერთობის დარეგულირება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას წარმოიშობა მათივე მონაწილეობით და რომლის დროსაც ზიანი მიადგა მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირას აქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადებას „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც დაზარალებულის უფლებების გაზრდას და საკუთარი ინტერესების დასაცავად სისხლის სამართალწარმოების პროცესში დამატებითი გარანტიების მინიჭებას ითვალისწინებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0