იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქმიანობის ექვსი თვის ანგარიში წარადგინა

25/07/2017

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროექტის „პოლიტიკური პროცესების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, 2016 წ. დეკემბერი – 2017 წ. ივნისის პერიოდის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიმართა.
მან მადლობა გადაუხადა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისს თანამშრომლობისთვის და იმ ახალი სტანდარტის დამკვიდრებაში ხელშეწყობისთვის, რომლითაც საპარლამენტო მუშაობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხაზგასმა ხდება.
ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ექვსი თვის ანგარიში წარადგინა.
მისი განცხადებით, კომიტეტმა პირველად შეიმუშავა და დაამტკიცა კომიტეტის სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა. პროცესი განხორციელდა „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში.
ეკა ბესელიამ დეტალურად ისაუბრა კომიტეტის საქმიანობის მიმართულებების სტრატეგიულ მიზნებზე.
მისი განცხადებით, კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის სტრატეგიული მიზნებია: საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი, ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ღირებულებებზე დაფუძნებული კანონმდებლობის მიღება; საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიღწევა; კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფა და საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა.
ანგარიშის მიხედვით, 2016 წ. დეკემბრიდან 2017 წ. ივნისის ჩათვლით კომიტეტმა 57 კომიტეტის სხდომა ჩაატარა და განიხილა 63 საკანონმდებლო ინიციატივა, აქედან 263 ძირითადი და გამომდინარე კანონპროექტებია, ხოლო 41 საკანონმდებლო წინადადება. კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული იყო 58 კანონპროექტი და 15 საკანონმდებლო პაკეტი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2012 წლიდან 2017 წლის ივნისამდე კომიტეტში შემოსული კორესპოდენციის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ეკა ბესელიამ კომიტეტის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კომიტეტი გეგმავს:
სასამართლო რეფორმის გაგრძელებას ახალ ფორმატში (სასამართლოს განტვირთვა, დისციპლინური სამართალწარმოება, იუსტიციის უმაღლესი სკოლა);
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ახალი რეგულაციების შემოღებას (კომპიუტერული მონაცემების ფიქსაცია, დამაგრება);
ნარკოპოლიტიკის რეფორმას;
ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის განხილვას;
„ადვოკატთა შესახებ“ კანონში ცვლილებებს;
საპარლამენტო ღიაობის ფორმატში საჯარო კონსულტაციის ჩატარების წესისა და ფორმების, კანონპროექტებზე კომენტარის (ელექტრონულად და/ან წერილობით) უკუკავშირის მექანიზმის დანერგვასა და შემუშავებას.
პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0