დღეს, 21 ნოემბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა. სხდომამ, პირველ რიგში, კომიტეტის დებულება შეიმუშავა, სადაც განსაზღვრულია კომიტეტის უფლებამოსილება, მისი საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, კომიტეტის თავმჯდომარის, მოადგილეების, წევრების უფლებამოსილებასა და კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას წინადადებით, დებულებას ერთი პუნქტი დაემატა, რომლის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მრჩეველთა ჯგუფის შექმნის ან მოწვევის შესაძლებლობა ექნება. მისი განმარტებით, ეს არ არის ანაზღაურებადი საქმიანობა და იქნება კომიტეტის მუშაობის გაძლიერების ერთ-ერთი ფორმატი გარე ექსპერტების მხრიდან. კომიტეტის დებულება დასამტკიცებლად პარლამენტის ბიუროს წარედგინება. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც დებულების შემდგომ დახვეწაზე იმუშავებს.
დებულების შემუშავების შემდეგ, კომიტეტმა თავის წევრთაგან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით კომიტეტის თავმჯდომარის 2 მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე აირჩია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვანო ზარდიაშვილი იქნა არჩეული, რომლის კანდიდატურაც, რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარადგინა. მისივე განცხადებით, უმრავლესობის კვოტით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კიდევ ერთი კანდიდატურის თაობაზე კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება და შემდგომი სხდომისთვის შემოთავაზებული იქნება შესაბამისი კანდიდატი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ოპოზიციის კვოტით, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ნატო ჩხეიძე აირჩია. მას მხარი რვა დეპუტატმა დაუჭირა. ნატო ჩხეიძესთან ერთად, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კენჭს იყრიდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე, რომელსაც მხარი ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, ხოლო ერთი მოადგილის – უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის დებულება შეიმუშავა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია
Visited 209 times, 1 visit(s) today