იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

22/09/2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები.
როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანი პრინციპული ცვლილებებია პასუხისმგებლობის ზომებში, რომელიც სხვადასხვა რეგულირებულ ნორმებში იყო წარმოდგენილი კოდექსით, მაგრამ განმეორებითობის შემთხვევაში არ იყო უფრო მკაცრი სანქცია გათვალისწინებული. „ჩვენი აზრით, ეს არის აუცილებელია იმ მაღალი რისკებიდან, რომლებიც სწორედ ამ დარღვევებიდან გამომდინარეობს“,-აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.
მისი თქმით, იხვეწება ტერმინები და შესაბამისობაში მოდის ევრორეგულაციებთან და ასევე, ჩნდება ახალი ტერმინები, გამომდინარე იმავე ევრორეგულაციებიდან.
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების შენახვისას ტემპერატურული რეჟიმების დარღვევისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისათვის განისაზღვრა 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორისთვის 500 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ითვალისწინებს პროფილაქტიკური კარანტინის წესის დარღვევისათვის პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, გაიმიჯნა პასუხისმგებლობის ზომა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისათვის და სხვა ბიზნესოპერატორისათვის სურსათის/ ცხოველის საკვების და ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევისათვის. კერძოდ:
სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორისას – 400 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ასევე, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასთან და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხების დახვეწა და დაზუსტება, ასევე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებიდან გამომდინარე ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახამად, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების და რეალიზაციისა წესების დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, არარეგისტრირებული, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდისა და აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსება გამოიწვევს 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო 200 000 ლარი და მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ კომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, ითვალისწინებს აღსრულების იძულებითი ღონისძიებების შეზღუდვას ლატარიების საპრიზო ფონდზე.
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის რამდენიმე დებულებებით, კერძოდ:
ერთი მხრივ, სპეციალური ნორმა კრძალავს საპრიზო ფონდის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვას, ხოლო მეორეს მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არაფერს ამბობს აღნიშნულის თაობაზე და შესაბამისად არ გამორიცხავს, თუნდაც თეორიულ დონეზე, ლატარიის ორგანიზატორის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებას, რაც თავის მხრივ საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე შესწორების შეტანას;
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონი კრძალავს საპრიზო ფონდის რაიმე ვალდებულებებით დატვირთვას, თუმცა ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ყადაღა) თავისი შინაარსით არ წარმოადგენს ვალდებულებას, (არამედ აკრძალვას) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების განხორციელების გარეშე კანონისმიერი დანაწესის, კერძოდ – საპრიზო ფონდის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის აკრძალვის ჯეროვანი აღსრულება ვერ მიიღწევა. შესაბამისად, ცვლილების უმთავრეს მიზეზს სწორედ მოცემული ნორმის ეფექტური ამოქმედება და კანონმდებლობის როგორც მატერიალური, ისე საპროცესო ნორმების ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.
კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობის უნიფიცირება და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში უკვე არსებული მიდგომის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ასახვა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მე-20 მუხლი ადგენს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას, კანონის ეფექტურად წარმართვისა და მისი მიზნიდან გამომდინარე განახორციელოს სხვადასხვა ქმედებები, დაადგინოს კანონით გათვალისწინებული წესები. აღნიშნულ ჩამონათვალს ემატება საზოგადოებრივი (მასობრივი) თავშეყრის ადგილების მფლობელთა (სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტები) მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესის და პირობების დადგენა.
კანონპროექტის მიზანია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი ხდომილებისას, როდესაც ზიანი ადგება მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და/ან ქონებას, მოხდეს მიყენებული ზიანის შემცირება და სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისათვის უფრო მეტი დაცვის უზრუნველყოფა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატოსა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების“ პლენარულ სხდომაზე განხილვას.
შეთანხმება ითვალისწინებს ნატოს სამოკავშირეო ოფისის გამართული ფუნქციონირებისათვის სათანადო პირობების შექმნას და მისი წარმომადგენლებისათვის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0