იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატ ევა გოცირიძეს მხარი დაუჭირა

28/11/2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ევა გოცირიძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის 11-მა წევრმა.
კომიტეტმა, ასევე მხარი დაუჭირა ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგინების შესახებ დადგენილების პროექტს, რომლის დამტკიცებაზეც პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში იმსჯელებს.
კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატურის წარდგინება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო სამართლის დოქტორისა და იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ. მისი განცხადებით, იურიდიულ სფეროში საკმაოდ აღიარებული სპეციალისტის კანდიდატურა ფართო კონსულტაციების შედეგად შეირჩა.
ევა გოცირიძემ მოკლე გამოსვლაში კომიტეტის წევრებს გააცნო თავისი ხედვა საკონსტიტუციო სასამართლოს როლსა და ფუნქციებზე. მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს წარდგენისათვის და განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში, დაკისრებულ მოვალეობას პასუხისმგებლობით შეასრულებს: „თუ ვიქნები ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩეული, ყველა საკითხს სიღრმისეულად, შემოქმედებითად და დიდი პასუხისმგებლობით განვიხილავ“, – განაცხადა ევა გოცირიძემ. ამის შემდეგ კანდიდატმა კომიტეტის წევრთა და საზოგადოების წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.
პარლამენტარის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობისათვის მიუღებელია წარმოდგენილი კანდიდატურა, უმრავლესობის წევრთა აზრით კი, კანდიდატის ღირებულებები და კვალიფიკაცია კითხვის ნიშნის გარეშეა და პოლიტიკური ინსინუაციებით ამის გადაფარვა არ შეიძლება.
სხდომაზე კანდიდატის წარდგენისა და განხილვის პროცედურების დაცვაზეც დაისვა კითხვები, რაზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განმარტა, რომ კომიტეტისთვის პროცედურების დაცვა ყოველთვის არის მნიშვნელოვანი და არც დღევანდელი შემთხვევა იყო გამონაკლისი, პირიქით, პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს კანდიდატურის განხილვის საკმაოდ ფორმალურ პროცედურას, რომელიც მეტისმეტად დახურულია, კომიტეტმა კი დღეს ამ საკითხზე ფართო მსჯელობა გამართა.
ეკა ბესელია შეეხო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის გადაწყვეტილებასაც, რომლის შესახებაც დაისვა კითხვები კომიტეტის სხდომაზე და განაცხადა: „მუდმივმოქმედი კომიტეტის გადაწყვეტილება, თითქოს დაწუნებული იყო ევა გოცირიძის, როგორც კანდიდატის კვალიფიკაცია, და როგორც ამის წარმოჩენა სურთ ზოგიერთებს, არასწორია. მე ვესწრებოდი იმ სხდომას, არ ყოფილა არანაირი უარყოფითი შეფასება ევა გოცირიძის კვალიფიკაციის ნაწილში, კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო მთლიანად სიის უკან დაბრუნების შესახებ სხვა მოტივით და არა იმიტომ, რომ წარდგენილი კანდიდატის, ქალბატონი ევას სახით, კვალიფიკაცია არ იყო სათანადო. ძალიან ხშირად ისმის საჯაროდ ეს არასწორი ინფორმაცია და ეს ძალიან უსამართლოა მის მიმართ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დისკუსიის ფონზე დაიწყო. სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა თბილისში ბოლო პერიოდში განხორციელებული სპეცოპერაციის მასალების შესწავლის და ერთ-ერთი ეჭვმიტანილის 2012 წელს საპატიმროდან გათავისუფლების გამო, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. ოპოზიციონერ დეპუტატს კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა და მას აღნიშნული ეჭვმიტანილი პიროვნების ჯერ კიდევ 2010 წელს უკრაინიდან ექსტრადიციის ფაქტი შეახსენა.
„ჯერ პასუხი აგეთ იმ გუნდის სახელით, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, რომელსაც ძალიან მძიმე სისტემური დანაშაულები აქვს ჩადენილი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს პარლამენტმაც და 200-ზე მეტმა სასამართლო გადაწყვეტილებამ ცნო დანაშაულად და რომელიც უმაღლესი პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობით დასრულდა ან მიმდინარეობს. მეორე, როდესაც ამ თემაზე იწყებთ საუბარს, გირჩევთ, თქვენსავე თანაგუნდელებს მოკითხოთ, თუ რატომ ჩამოიყვანეს რუსეთის მიერ ძებნილი ახმედ ჩატაევი უკრაინიდან და რატომ შეწყვიტეს სისხლის სამართლის საქმე 2010 წელს მის მიმართ. აქედან დაიწყეთ კითხვების დასმა, მერე გაყევით ლაფანყურის სპეცოპერაციას, გვითხარით, რას აკეთებდნენ მაშინ თქვენი პარტიის გმირები, როდესაც ეს ოპერაცია მოხდა? ასე რომ, როდესაც ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, ჯერ თავად აიღეთ ეს პასუხისმგებლობა, რადგან წარმოადგენთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყანაში საკუთარ მოქალაქეებს უწყობდა ტერაქტებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კანონპროექტებზე იმსჯელეს. კანონმდებლებმა საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტები: „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელთა მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოუთქვამთ და კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს კანონპროექტს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, მოქმედი კანონის შესაბამისად, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მოპოვებისთვის დადგენილი წესები გავრცელდეს ასევე სამხედრო სამსახურში მყოფი სხვა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეების (საკონტრაქტო და კადრის სამხედრო მოსამსახურე) მიმართაც.
ასევე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს კანონპროექტთა პაკეტი: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, კანონპროექტები საავტორო და მომიჯნავე უფლებების რეგულირებას ითვალისწინებს. საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ გამოიტანა. გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.
კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ერთხმად დაუჭირა მხარი. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ცვლილებების მიზანია, რომ მარტოხელა მშობლისთვის ამ სტატუსის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ გახდეს შესაძლებელი, როდესაც ბავშვის დაბადების აქტში გაჩნდება ჩანაწერი მეორე მშობლის შესახებ.
კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებითა და დათქმებით მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრების: აკაკი ზოიძის, ლევან კობერიძისა და კობა ნარჩემაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკითხი ეხება ბიოლოგიური მასალის გამოყენებას სამეცნიერო კვლევებისა და საგანმანათლებლო მიზნებისათვის. ხდება უპატრონო გვამის დეფინიციის და მისი გადაცემის პროცედურების დაზუსტება.
სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს კანონპროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
მომხსენებლმა, პარლამენტის წევრმა, კახა კუჭავამ კოლეგებს კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გააცნო, რომლის მიხედვით, უნდა გაიზარდოს მგზავრების პასუხისმგებლობა უბილეთოდ მგზავრობისათვის. პროექტის მიხედვით, ჯარიმის ოდენობა იზრდება 5 ლარიდან 20 ლარამდე, თუმცა, ამავდროულად მცირდება საურავის ოდენობა – 50 ლარიდან 40 ლარამდე. ზოგი დეპუტატის აზრით, უფრო მართებული იქნება, თუ პირველი შემთხვევისას ჯარიმა 10 ლარამდე გაიზრდება და განმეორებით შემთხვევაში დაეკისრება პირს ჯარიმა 20 ლარის ოდენობით. საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა აზრით, უკეთესი იქნება, თუკი ადმინისტრირება გამკაცრდება. საბოლოოდ, კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს ზოგადი პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს, დეტალებზე კი მეორე მოსმენისას შეჯერდებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0