იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს მხარი დაუჭირა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მისგან გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, რომელიც სხდომაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.

„კანონპროექტის მთავარი მიზანი დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მშვიდობიანად, საკუთარი ძალებით და ძალისხმევით დავის გადაწყვეტის შესაძლებლობა. ეს არის ის მთავარი ამოსავალი პრინციპი და დებულება, რომელსაც ვისახავთ მიზნად ამ კანონის მიღებისას. ესეც არის პრინციპში ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივა და ასოცირების შეთანხმებითაც ეს გათვალისწინებულია როგორც ჩვენი ქვეყნის ვალდებულება. დავის ალტერნატიული მოგვარების მექანიზმების განვითარება ნამდვილად დგას ჩვენს დღის წესრიგში და შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც არანაკლებად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხილვა და მიღება. ყურადღებას იმსახურებს ის, რომ ამას მოჰყვება ბევრი დადებითი ეფექტი, როგორც თანმდევი შედეგი და მათ შორის, საგანგებოდ იმსახურებს ყურადღებას სასამართლო სისტემის განტვირთვა და შეღავათი, რომელსაც მისცემს სასამართლოს ამ კანონის მიღება. ვფიქრობ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ძალიან ბევრ დავას დღეს სასამართლოში ბევრი დრო და რესურსი მიაქვს და სწორედ ამისგან თავდაცვის შესაძლებლობას გააჩენს ეს კანონი, ისე როგორც ამას ადგილი ჰქონდა ძალიან ბევრ ქვეყანაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

კანონის მოქმედება ვრცელდება მედიაციის თაობაზე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე წარმართულ მედიაციასა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXI1 თავით გათვალისწინებულ სასამართლო მედიაციაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავისებურებათა გათვალისწინებით. კანონპროექტი განსაზღვრავს მედიატორის არჩევა/დანიშვნის საკითხებს კერძო მედიაციის დროს და სასამართლო მედიაციის დროს, ასევე, იმ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც მხარეებს კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიატორის შერჩევაში დაეხმარება. კანონპროექტში გაწერილია საკითხები, რომლებიც შეეხება: მედიატორის საქმიანობის შეზღუდვას, მედიატორთა ერთიან რეესტრს, მედიაციის პროცესს (მედიაციის დაწყების წინაპირობებს და მედიაციის დასრულებას), სამედიაციო მორიგებას და მის აღსრულებას, კონფიდენციალობის ვალდებულებას, მედიატორის საქმიანობის ანაზღაურებას, მედიაციის ინსტიტუციონალიზაციას და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას. კანონპროექტით, კანონი ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან, ხოლო გარდამავალი დებულების თანახმად, კანონის გამოქვეყნებისთანავე: საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 1 ნოემბრამდე ერთჯერადად უნდა უზრუნველყოს მედიატორთა ერთიანი რეესტრის ფორმის დამტკიცება; ასევე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს მედიატორთა ერთიან რეესტრში იმ ქმედუნარიანი ფიზიკური პირის ჩარიცხვა, რომელიც არ არის ნასამართლევი, გავლილი აქვს მედიაციის არანაკლებ 40 საათიანი ტრენინგი და ფლობს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, წარმოდგენილ კანონპროექტს ყველას მხარდაჭერა სჭირდება.

„ჩვენი ამოცანაა დავის ალტერნატიული გზები ვეძიოთ, რაც თანამედროვე მიდგომა და ტენდენციაა, რომ ერთი მხრივ, ეს საკითხები მოვაგვაროთ სასამართლოს მიღმა უფრო სწრაფად და უფრო ეფექტურად და მეორე მხრივ, სასამართლო იყოს განტვირთული და ამას აქვს ძალიან ბევრი დადებითი ეფექტი.
ამ პროექტს ჩვენ ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ და ყველას ინტერესი აქ მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ რაც შეიძლება ეფექტურად აღსრულდეს ეს კანონი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვამდე, გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სადაც მოხდება მოსაზრებების გაცვლა და პოზიციების შეჯერება. ამ დათქმით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა და მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანას.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი – „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, სხდომაზე პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა წარადგინა. მან კოლეგებს ძირითადი სარედაქციო სახის ცვლილებები გააცნო.
კანონპროექტით რეგულირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევა, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენა მოხდება გამჭვირვალე, საჯარო, ღია და ხანგრძლივი პროცესით, რომელიც დეტალურად იქნება გაწერილი საკანონმდებლო დონეზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“.
კანონპროექტის მიხედვით, ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდება ფიზიკურ პირთა გარკვეული კატეგორია, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს მოქალაქეების.

„ეს არის სახელმწიფოს ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, როდესაც 22 მილიონ ლარზე მეტის ჩამოწერაზეა საუბარი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ წარადგინა. ცვლილების პროექტი, მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად ბიზნესომბუდსმენის კომპეტენციას დაემატოს საერთო სასამართლოებში სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქციის შესრულება. ასევე, ბიზნესომბუდსმენს ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოდან საკუთარი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანასკომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტი სხდომაზე პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ წარადგინა. კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილების – „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, აღსრულება და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. იმ დათქმით, რომ საკომიტეტო მომსმენის დროს გამოთქმულ შენიშვნებზე მომხსენებელი საკუთარ პოზიციას პლენარულ სხდომაზე გააცნობს კოლეგებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს. კომიტეტის წევრებმა მესამე მოსმენისთვის განიხილეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას მოქმედი 10 ლარიანი ჯარიმა იზრდება და განისაზღვრება 50 ლარით, როგორც დედაქალაქის, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის თანახმად მგზავრობისას მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. პროექტის მიხედვით იზრდება პასუხისმგებლობა და ჯარიმის ოდენობა 5 ლარიდან იზრდება 20 ლარამდე, თუმცა ამავდროულად საურავის ოდენობა 50 ლარიდან მცირდება 40 ლარამდე. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულს სხდომაზე განხილვას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.
კანონპროექტის თანახმად, ჯანსაღი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველსაყოფად, ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის პრევენციისათვის დგინდება გარკვეული სამართალდარღვევები და შესაბამისი სანქციები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

Visited 81 times, 1 visit(s) today