იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

18/03/2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მიმდინარე წლის 20 თებერვალს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული შენიშვნებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის უნდა განისაზღვროს 3/5-იანი უმრავლესობა, როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კანდიდატმა ვერ მიიღო სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმები, ½-ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული უნდა იყოს ექვსი თვის ვადით. ასევე, კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევად უნდა გამოაცხადოს და საკონკურსო კომისია შექმნას საქართველოს პრეზიდენტმა, შემდეგ კი შერჩეული კანდიდატურები წარუდგინოს პარლამენტს.
მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია „საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შენარჩუნდეს, ხოლო რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის არყოფნისას მისი უფლებამოსილების განხორციელებას, აღნიშნული განახორციელოს ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილემ, რომელიც არჩეულია არა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს წევრების, არამედ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრთაგან, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან არჩეულმა თავმჯდომარის მოადგილემ. მოტივირებულ შენიშვნებში, ასევე, შეთავაზებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, 2024 წლის პირველ მაისამდე გამოაცხადოს ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს ყველა იმ არჩეული წევრის თანამდებობებზე განსაწესებელი კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი, რომელთა უფლებამოსილების 6-თვიანი ან 5-წლიანი ვადაც გასულია ან 2024 წლის პირველ მაისამდე გადის და შექმნას ამ კანდიდატების შესარჩევის საკონკურსო კომისია. ამის შემდეგ, კანონის თანახმად, უნდა გაგრძელდეს შესაბამის პირთა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს აღნიშნული წევრების თანამდებობაზე განწესებისათვის დადგენილი სათანადო პროცედურები. მას შემდეგ, რაც კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონის პირვანდელ რედაქციას.
20 თებერვალს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი. კერძოდ, მათი არჩევის პროცესში ხდება ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება. კანონი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. წარდგენილი კანდიდატებისთვის შესაძლებელი იქნება 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ, რის შემდეგაც 76 ხმით არჩეული კანდიდატი უფლებამოსილებას 5 წლის ვადით განახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში 76 მხარდამჭერი ხმა ვერ მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. ცვლილებების შესაბამისად, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში გაეგზავნება კონკურსში მონაწილე პირთა სია და დოკუმენტაცია. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები. კანონით, ძალაში დარჩა საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს. კანონით უქმდება ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელზეც პირი ცესკოს პარტიული წევრებისგან ოპოზიციის კვოტით ინიშნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0