იუსტიციის მინისტრის მოადგილე დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

22/06/2016

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. დელეგაციას, რომელსაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკი ხელმძღვანელობს, ალექსანდრე ბარამიძემ საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის მოადგილემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება და რომელთა მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესების განმტკიცება და ადამიანის უფლებების დაცვაა. საუბარი შეეხო კანონის უზენაესობის საკითხებს, მართლმსაჯულების რეფორმას, აგრეთვე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-9 შეხვედრაში მონაწილეობაა, რომელიც საქართველოში გუშინ გაიმართა. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლების და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით. ჯგუფს ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. აშშ-ის მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი; დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბობ ბერშინსკი; ევროპისა და ევრაზიის საკითხებში „USAID“-ის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი.
20-21 ივნისს აშშ-ის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფი ერთ-ერთია იმ ოთხი სამუშაო ჯგუფიდან, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში შეიქმნა. დემოკრატიის მიმართულების გარდა, ჯგუფები მუშაობენ თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, აგრეთვე, ხალხთა შორის ურთიერთობისა და კულტურის საკითხებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0