იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლატვიის იუსტიციის მინისტრს უმასპინძლა

22/09/2017

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლატვიის იუსტიციის მინისტრს უმასპინძლა.
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისათვის; მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად; სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატები სასამართლოში ბიზნესის ხელშესაწყობად და სასამართლოს განსატვირთად; ანტიკორუფციული პოლიტიკა და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის გატარებული რეფორმები, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და რომელთა შედეგად საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა; დანაშაულის პრევენციის მიზნით ამოქმედებული პროგრამები − ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია, პროექტები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის − ეს იმ თემების ნაწილია, რომლებზეც იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ ლატვიის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე ისაუბრა.
ლატვიის დელეგაცია იუსტიციის მინისტრ ძინტარს რასნაჩის ხელმძღვანელობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 21 სექტემბერს ესტუმრა. დელეგაციის წევრებს შორის არიან ლატვიის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო სტრუქტურების წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები გოჩა ლორთქიფანიძე, მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე.
ალექსანდრე ბარამიძემ ლატვიელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველო-ლატვიის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობისათვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ლატვიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკაში. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ იუსტიციის სფეროში საქართველო-ლატვიის წარმატებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა.
ალექსანდრე ბარამიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ ფაქტს, რომ სულ რამდენიმე დღის წინ საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, რომელიც ქვეყანას „OGP“-ის თავმჯდომარეობის პერიოდში ექნება.
ლატვიის დელეგაცია საქართველოში დღეს ჩამოვიდა და პირველი შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გამართა. დაგეგმილია ვიზიტები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში; ხვალ, 22 სექტემბერს კი, ლატვიის იუსტიციის მინისტრი დანაშაულის პრევენციის ცენტრს ეწვევა, მედიაციის ცენტრს დაათვალიერებს და იმ პროგრამებს გაეცნობა, რომელთაც უწყება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციისათვის ახორციელებს.
ლატვიის დელეგაცია საქართველოს 22 სექტემბერს დატოვებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0