იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებს შეხვდა

11/02/2017

საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღეს აზერბაიჯანის პარლამენტს (მილი მეჯლისი) ესტუმრა. თეა წულუკიანი აზერბაიჯანელ პარლამენტარებს, რომლებიც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საკითხებს კურირებენ, საფრანგეთის რეფორმების მინისტრთან ერთად შეხვდა. „დღეს აქ ვიმყოფები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარესთან ერთად. მოგეხსენებათ, საქართველო პარტნიორობის თანათავმჯდომარეა, ხოლო სექტემბრიდან უკვე თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ჩამოვედი, რათა ვიმუშაო თქვენთან ერთად იმისათვის, რომ აზერბაიჯანმა დაიბრუნოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სრულუფლებიანი წევრის სტატუსი. საქართველო აზერბაიჯანის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ინიციატივაში თქვენი დარჩენა, რომლის თავმჯდომარეობაც მალე უნდა გადავიბაროთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისა და იმ ფაქტისათვის, რომ საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც შარშან სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, მხარი არ დაუჭირა აზერბაიჯანისთვის წევრის სტატუსის შეჩერებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღესვე ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0