იუსტიციის მინისტრი კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის კონგრესში მონაწილეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თეა წულუკიანი ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მესამე კონგრესს დაესწრო. იუსტიციის მინისტრთან ერთად ღონისძიებას მოლდოვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ვიქტორია იფდოტი ეწვია, რომელიც თბილისში ქართული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოწვევით იმყოფება.
კონგრესში საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების პირველი პირები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონგრესს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჰერდის თორგეირსდოტირიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალემ, ასევე, ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) წევრი საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებმა.
ღონისძიების მიზანი ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობების გაღრმავება იყო. კონგრესზე მონაწილეებმა იმსჯელეს საკონსტიტუციო სასამართლოების როლზე ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ისაუბრეს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და ევროპულ ინტეგრაციაზე, განიხილეს კონსტიტუციური მართლმსაჯულება და ეროვნული კონსტიტუციური შეზღუდვები.
ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის დეკლარაციას საქართველო 2015 წელს შეუერთდა. ორგანიზაციის მიზანია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ხელშეწყობა. ის მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობის პრინციპების იმპლემენტაციას და ხელს უწყობს ასოციაციის წევრებს შორის გამოცდილების გაცვლის გაღრმავებას.

Visited 174 times, 1 visit(s) today