იუსტიციის მინისტრი სასამართლოსა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ კონფერენციას დაესწრო

26/06/2017

იუსტიციის მინისტრი სასამართლოსა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ კონფერენციას დაესწრო.
კონფერენცია უზენაეს სასამართლოში გაიმართა და მას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ყაზახეთის დელეგაცია, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის და სისხლის სამართლის რეფორმის საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფება. დელეგაციას იუსტიციის მინისტრი დღესვე სამინისტროშიც უმასპინძლებს.
თეა წულუკიანმა კონფერენციაზე ისაუბრა კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზე, მათ შორის, სასამართლოს რეფორმის სამივე ტალღასა და პროკურატურის რეფორმაზე, რომელმაც უწყება ინსტიტუციურად იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებელი გახადა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას თეა წულუკიანმა აღნიშნა, წარსულის პრაქტიკისაგან განსხვავებით, დღეს სასამართლო იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებლად მოქმედებს. „დღეს ვერცერთი მოსამართლე ვერ იტყვის, რომ მას იუსტიციის მინისტრი აკონტროლებს“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა ასევე დაწვრილებით მიმოიხილა მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის არასრულწლოვანთა კოდექსი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა და უკვე ძალაში შევიდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0