იუსტიციის მინისტრმა იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა მიიღო

06/10/2017

იუსტიციის მინისტრმა იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა სტუმარს მოადგილეები წარუდგინა და მათი პასუხისმგებლობების სფეროები გააცნო.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. ამ კონტექსტში ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში პოტენციური ინვესტორებისათვის არსებულ ხელსაყრელ სამართლებრივ გარემოზე და გამოთქვა სურვილი, რომ იუსტიციის სამინისტროსა და იაპონელ ინვესტორთა შორის მისი დახმარებით საინტერესო დიალოგი შედგეს, რათა იაპონიაში უკეთესად გაიცნონ ის სამართლებრივი სახელმწიფო, რომლის შენებასაც საქართველოს მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო უდგას სათავეში.
ტადაჰარუ უეჰარა იაპონიის ელჩად საქართველოში მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა. თბილისში ჩამოსვლამდე მას მაღალი მენეჯერული თანამდებობები ეკავა სხვადასხვა კომპანიაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0