იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებულმა სასამართლო და „შრომის კოდექსის“ რეფორმებმა სასამართლო რეალურად დამოუკიდებელი გახადა

10/03/2017

მართლმსაჯულებისა და „შრომის კოდექსის“ საკანონმდებლო რეფორმებმა, რომელთა სულისჩამდგმელი 2012 წლის ბოლოდან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იყო, საქართველოს სასამართლოები რეალურად დამოუკიდებელი გახადა − ამას ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაც. გადაწყვეტილების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ ორი ყოფილი თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენა და სამწლიანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.
ორმა ყოფილმა თანამშრომელმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წინააღმდეგ შრომითი დავა წამოიწყო, განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა მოითხოვა. 2017 წლის 9 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა (დაახლოებით, 38 თვე).
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ სააპელაციო სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მას საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
ცნობისთვის: პირველი ინსტანციის სასამართლომ ორი თანამშრომლის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მომჩივანთა მიმართ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მხოლოდ 4-თვიანი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0