კამპანია „აირჩიე ქართულის“ ფარგლებში ქართული ნატურალური პროდუქციის რიგით მერვე გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

07/04/2017

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე კამპანია „აირჩიე ქართულის“ ფარგლებში ქართული ნატურალური პროდუქციის რიგით მერვე გამოფენა-გაყიდვას დაესწრო. ქართული პროდუქციის ორდღიან გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციას ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ დიღმის ფილიალი მასპინძლობს. ირაკლი ლექვინაძემ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია გამოფენის ორგანიზატორებთან ერთად დაათვალიერა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, მსგავსი გამოფენა მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის, რადგან ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შესახებ მომხმარებლების ინფორმირებას. კამპანია ,,აირჩიე ქართულის” მიზანია ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაცია, მწარმოებლების მარკეტინგული მხარდაჭერა და მომხმარებლების მოზიდვა. კამპანიის ფარგლებში საახალწლო და სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გუდვილში 2012 წლიდან იმართება. ორდღიან გამოფენაში, ტრადიციისამებრ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მეწარმეები მონაწილეობენ. წელს მათ შეუერთდნენ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებიც. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ კომპანიას, რომელიც აწარმოებს ქართულ ნატურალურ პროდუქციას, აკმაყოფილებს პროდუქციის შეფუთვის პირობებს და აქვს ეტიკეტი. გამოფენას ასევე ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0