კამპანიის “მოითხოვე ქართული” პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ

17/05/2017

საპრეზიდენტო კამპანიის “მოითხოვე ქართული” პირველი 10 გამარჯვებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დააჯილდოვა. სპეციალური დაგროვებითი ბარათის პრეზენტაციიდან 1 თვის შემდეგ, თბილისის საკრებულოს შენობაში, აპრილის თვის 10 ყველაზე აქტიური მომხმარებელი გამოვლინდა. მათ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერით სამახსოვრო სერტიფიკატები და 40-ზე მეტი ქართული კომპანიის სპეციალური პრიზები გადაეცათ.
საპრეზიდენტო პროგრამა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მისი მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ეკონომიკის სტიმულირებაა.
“გამოვავლინეთ და დავაჯილდოვეთ ის ადამინები, რომლებიც პირველად ჩაერთვნენ კამპანიის „მოითხოვე ქართული“ გათამაშებაში, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს. მინდა მადლობა გადავუხადო იმ 40-ზე მეტ კომპანიას, რომლებიც უკვე მონაწილეობენ კამპანიაში და მოვუწოდო სხვა კომპანებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ კამპანიაში, დააწესონ პრიზები და წაახალისონ მომხმარებლები; ასევე, მოვუწოდებ მომხმარებელს, რომ მოითხოვონ ქართული”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
პროექტი გრძელდება და მოქალაქეებს საშულება აქვთ მომავალშიც მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. ყოველთვიურად 10 აქტიური მომხმარებელი, ხოლო წლის ბოლო კი, საბოლოოდ, ერთი გამარჯვებული გამოვლინდება. დაგროვებითი ბარათის მიღება მოქალაქეებს პარტნიორ მაღაზიებში შეუძლიათ. გათამაშებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით კომპანია „მოითხოვე ქართული“ აწარმოებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.moitkhove.ge.
გათამაშების „მოითხოვე ქართული“ გამარჯვებულების დაჯლდოებას და ერთი თვის შედეგების შეჯამებას გიორგი აბაშიშვილთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები, ექსპერტები და აპრილის თვის გამარჯვებულები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0