დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, 2018-2021 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა. როგორც მან ანგარიშის პრეზენტაციაზე აღნიშნა, სოციალური პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან სახელმწიფო ვერ ჩაითვლება სახელმწიფოდ, თუ მან საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არ იზრუნა.
„2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, შვიდი ძირითადი მიმართულება გვქონდა, რომელზეც კონკრეტული პროექტებისა და პროგრამების სახით, კონკრეტული დაპირებები გაიცა. მიმდინარე წლის ოქტომბერში გვეწურება უფლებამოსილება, რომელიც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა. მე, როგორც თბილისის მერი, ვალდებული ვარ, მოსახლეობას ჩავაბარო ანგარიში, თუ რისი გაკეთება შევძელით. დღევანდელი ჩვენი ანგარიში სოციალურ პოლიტიკას ეხება, რომელიც პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. დამეთანხმებით, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ვერ ჩაითვლება სახელმწიფოდ, თუ მან საკუთარი პოზიტიური ვალდებულება არ განახორციელა, არ იზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ხელი არ შეუწყო მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ღირსეული ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები არ შეუქმნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომლის შედეგადაც, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება მოქალაქეებისთვის ხელშესახები გახდა.
„რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ადამიანები, რომელთაც ჩვენი – სახელმწიფოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან, თანადგომა სჭირდებათ. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ჯერ მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუციების, შემდეგ კი ანტისოციალური პოლიტიკის შედეგად, ადამიანებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის მაგალითად, სახლის გაყიდვა უწევდათ. დღეს კი ჯანდაცვა არა პრივილეგია, არამედ სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თბილისის ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით იხარჯება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლ მედიკოსებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სოციალურ მიმართულებას დედაქალაქის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაკლებია.
„უნდა გამოვყო პანდემია, რომელმაც სერიოზული პრობლემები შექმნა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. მინდა, საქართველოში დასაქმებულ ექიმებსა და ექთნებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა, მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს უხილავი მტერი, რაც შეიძლება სწრაფად დავამარცხოთ. პანდემიის გამო, სწორედ ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას ბიუჯეტის ნაწილში არცერთი თეთრი არ დაკლებია, რადგან თბილისის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება და გადადება მოგვიწია. დღეს სხვა პრიორიტეტები გაჩნდა, რადგან ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოებაა. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ყველა პროექტი და პროგრამა გაგრძელდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აქვე, მადლობა გადაუხადა ბიზნესსექტორისა და საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიის პირობებში დაწყებული მოქალაქეთა დახმარების აქციაში მონაწილეობდნენ.
„მინდა, ძალიან კარგი პროექტი გამოვყო, რომელიც ერთგვარი სოლიდარობის აქტი იყო. რთულ ვითარებაში შევქმენით სპეციალური პლატფორმა, სადაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, დახმარებოდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად გაუჭირდათ. მინდა, ბიზნესსექტორის ყველა წარმომადგენელს და ფიზიკურ პირს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში, მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ბოლო წლებში გაწეულ საქმიანობას, კახა კალაძის განცხადებით, დაინერგა ახალი პროგრამები, არსებულები კი გაუმჯობესდა.
„მერიისა და გამგეობების პროგრამებით, მოსახლეობის ორ მილიონზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რისთვისაც მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა; დავნერგეთ ახალი პროგრამები, არსებულები კი გავაუმჯობესეთ. კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, ვისაც სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდება, კიდევ ბევრი პროგრამაა, რომელიც უნდა გაფართოვდეს და რაც მთავარია, მომსახურების ხარისხი გაიზარდოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, რათა მეტმა ადამიანმა იგრძნოს მხარდაჭერა და თანადგომა. მე, როგორც ქალაქის მერი, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი მოქალაქე იყოს ქვეყანაში, ქალაქში და სოციალურად ძლიერი ოჯახები გვყავდეს. ამას ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ შეგვაფერხა და პრობლემები შექმნა, დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იქნება ძლიერი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეხოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მომდევნო წლებში, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდეს.
„მიღწეულით კმაყოფილი არ ვარ, რადგან გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, რესურსი იმისა, რომ უფრო კარგად ვიყოთ და საინტერესო პროგრამები განვახორციელოთ. თავს არ დავზოგავთ, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში არსებული სახელმწიფო ბაგა ბაღები მაღალი ხარისხითა და ევროპული სტანდარტებით გამოირჩევა.
„საამაყოა ის სტანდარტი, რაც ბაგა-ბაღებში დაინერგა. ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას აქვს შესაძლებლობა, რომ განათლება ღირსეულ პირობებში მიიღონ. ყველა ბაღში გათვალისწინებულია ევროპული სტანდარტები – კვების კომპონენტი, გარემო, დასასვენებელი სივრცეები და ა.შ. ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე დეტალურად თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა ისაუბრა.
„ამჟამად, თბილისის მერიის მართვაშია 185 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც რეგისტრირებულია 61 000 აღსაზრდელი. 2018-2021 წლებში თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 საბავშვო ბაგა-ბაღი, ათი რეაბილიტირდა, ხოლო 147 ბაღში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.
თბილისის მერის მოადგილემ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მიღების პროცედურაზეც ისაუბრა.
„ბაღებში ბავშვთა რეგისტრაცია ორ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს სოციალურ კომპონენტს – პრიორიტეტი ენიჭებათ კონკრეტულ ბენეფიციარებს. 2018-2019 წლებში ამ კატეგორიებს დაემატა: მარტოხელა მშობლების შვილები; მრავალშვილიანი ოჯახების შვილები და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების შვილები“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.
გარდა ამისა, თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, 2018–2021 წლებში, თბილისის მერიამ ჯანდაცვის მიმართულებით სამი ახალი პროგრამა დანერგა. საანგარიშო პერიოდში, დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ, ჯამში, 28 პროგრამა 228 305 235 ლარით დაფინანსდა.
„ჯანდაცვის მიმართულებით სულ განხორციელებულია 28 პროექტი. ყველა ძველი პროექტი შენარჩუნდა, ნაწილი გაფართოვდა და სამი ახალი კომპონენტი დაემატა. ესენია: „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი; „დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტი და გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა. ღვიძლის ტრანსპლანტაცია არის შენარჩუნებული სიცოცხლე ან უარეს შემთხვევაში, ოჯახის სოციალური განადგურებისგან ხსნა. ეს ოპერაცია იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ პაციენტების ოჯახებს მთელი ქონების გაყიდვა უწევდათ. რაც შეეხება დავადებათა სკრინინგის პროგრამის ცენტრს, ეს უკვე თვისობრივად სხვა ცენტრია, სადაც 2 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. შევისყიდეთ თანამედროვე ტექნიკა, გაიხსნა ახალი ფილიალები და უფრო მეტ ადამიანს მიეცა საშუალება, რომ შესაბამისი გამოკვლევები ჩაიტაროს. რაც შეეხება გაფანტულ სკლეროზს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსდება მედიკამენტები, რომლებიც პაციენტების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელია“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.
მისივე თქმით, „ტრანსპლანტაციის“ პროგრამის ფარგლებში, 259 პაციენტი დაფინანსდა. აქედან, ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისა და მასთან დაკავშირებული კვლევების მიმართულებით დაფინანსდა 235 შემთხვევა, ხოლო თითოეული შემთხვევის დაფინანსება მერყეობს 10 000-დან 235 000-ლარამდე.
„რაც შეეხება ღვიძლის გადანერგვას, ის 24 პაციენტს დაუფინანსდა. ერთ მოქალაქეს ეს ოპერაცია 70 000 ლარით უფინანსდება. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ დაავადებათა სკრინინგის პროგრამით უფასო გამოკვლევები ჩაიტარა 121 141-მა მოქალაქემ, დაფინანსდა 263 000-მდე კვლევა; გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით 2020 წლიდან 87 პაციენტი იღებს მომსახურებას და ერთი პაციენტისთვის წელიწადში 25 000 ლარია გამოყოფილი; ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით კი, ძვირადღირებული პრეპარატები 397-მა პაციენტმა მიიღო“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
ილია ელოშვილმა თბილისის სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას, ბავშვთა სამედიცინო და სოციალური დახმარების მუნიციპალურ პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება. მერის მოადგილემ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრამად „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“ დაასახელა. მისი თქმით, ამ პროგრამით 1 375 პირი სარგებლობს.
„ჩვენ გავზარდეთ ამ პროგრამის დაფინანსება და ვცდილობთ, აღარ გვქონდეს რიგები. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი, რომ არ იყვნენ მომლოდინე ოჯახები ან თუ იქნება, ისინი მყისიერად ჩაერთონ პროგრამაში. ამისთვის 5 მილიონით გაიზარდა დაფინანსება“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.
თბილისის მერის მოადგილემ ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განკუთვნილ პროგრამებზე ისაუბრა. ილია ელოშვილის განცხადებით, დემოგრაფიული ინტერესებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება.
„სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ჩვენ გვაქვს პროგრამები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სახელოვნებო სკოლებში, სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებზე. 9 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი სარგებლობს ამ პროგრამებით და სრულიად უფასოდ იღებს იმ სიკეთეს, რაც ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამასთან, გვაქვს სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა. დემოგრაფია სერიოზული პრობლემაა ჩვენთვის. ამიტომ, გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომლის მიხედვითაც, მეორე ახალშობილზე 500 ლარით ვაფინანსებთ, მესამე შვილზე – 800, მეოთხეზე – 1 000, ხოლო მეხუთე და მომდევნო შვილზე – 1 500 ლარით. ამ პროგრამაში 24 500-ზე მეტი ბავშვია ჩართული. გარდა ამისა, მრავალშვილიანი ოჯახების თითოეულ ბავშვზე, ყოველთვიურად გამოყოფილია 50-ლარიანი ფინანსური დახმარება“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
თბილისის მერის მოადგილემ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდამჭერ პროგრამებზეც ისაუბრა.
„ამ მხრივ მნიშვნელოვანია 18 წლამდე ასაკის შშმ პირთათვის 800 ლარით დახმარების პროგრამა. ამას 100-ზე მეტი პირი იღებს. ასევე, ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა. პირადად მაქვს ნანახი, რამდენად ბედნიერი არიან ეს ბავშვები გამგზავრების წინ“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
ამასთან, დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამების გარდა, მნიშვნელოვანია ის სოციალური პროგრამები, რომელიც აქვს ათივე რაიონულ გამგეობას.
„დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს აქვს თავისი სეგმენტი, რაიონულ გამგეობებს კი სხვა ჩარჩოები. მართალია, შედარებით მცირე მასშტაბით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს სამედიცინო მომსახურება (ოპერაცია, გამოკვლევა, მკურნალობა, მედიკამენტები), სადაც 200 000-დე განაცხადია დაკმაყოფილებული. ასევე, გვაქვს უფასო სასადილოების პროგრამა, სადაც 40 00 ადამიანი ყოველდღიურად იკვებება. მნიშვნელოვანია მიზნობრივი ფინანსური დახმარების პროგრამაც, ხოლო ქირის დაფინანსების მიმართულებით, 25 მილიონ ლარი დაიხარჯა. ამასთან, რაიონულ გამგეობებს აქვთ სააღდგომო და საახალწლო ნობათების (მათ შორის, ომის ვეტერანებისთვის) დარიგების პროგრამა. არსებობს გარკვეული ქვეპროგრამებიც. ამ ყველაფერში, ჯამში, 96 929 610 ლარი იხარჯება. მნიშვნელოვანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებაც, სადაც ბოლო წლების განმავლობაში, 5 371 პროექტი დაფინანსდა“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.
ანგარიშის პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროექტი კვლავ გრძელდება, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილია 17 არეალი, სადაც საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს.
„კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ადამიანები ყოველ წელს სახელმწიფოს დახმარებას სთხოვდნენ. როდესაც მუშაობა დავიწყეთ, ვნახეთ, რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო. დაახლოებით, 3 100 ოჯახია დაზარალებული. ამ დროისთვის, 1 289 ოჯახს მიეცა შესაძლებლობა, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში იცხოვროს. ჩვენ გამოვყავით 17 არეალი, სადაც უკვე მიმდინარეობს მშენებლობა, ზოგან სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცედურა ხორციელდება, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილის განცხადებით კი, აღნიშნული პროექტისთვის 963 მილიონი დაიხარჯა, ხოლო დასრულებული საცხოვრებელი ბინების ჯამური ფართი 8 000 კვ. მ-ზე მეტია.
„ამჟამად, კოოპერატიული მშენებლობებისგან დაზარალებულია 3 100 პირი, რომელიც სახელმწიფომ ცნო დაზარალებულად და ეს ვალი სასამართლოს მიერაა აღიარებული, მაგრამ წლების განმავლობაში ვერ გამოინახა ის მიდგომა, რითიც დაკმაყოფილდებოდნენ ეს მოქალაქეები. იმედია, მალე სრულად დამთავრდება პროგრამა და დაზარალებული ოჯახები აღარ გვეყოლება“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.
დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, თბილისის მასშტაბით, დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის მიერ 33 ობიექტზე უკვე გაიცა რეკომენდაცია და ნებართვების აღების პროცესი მიმდინარეობს.
„ჩონჩხებს“, რომლებიც ქალაქშია, თვალი მივაჩვიეთ, თითქოს, ისინი ქალაქის შემადგენელი ნაწილნი გახდნენ, თუმცა, ეს დაუმთავრებელი მშენებლობები უდიდესი საფრთხის შემცვლელია, როგორც სანიტარიული, ასევე, უსაფრთხოების კუთხით და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ამ ყველაფრის უკან კი დიდი სოციალური ტრაგედია დგას. არიან ოჯახები, რომელთაც სავარაუდოდ, ცხოვრებაში ერთხელ ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი ბინის შეძენის, თანხა შეიტანეს და მოტყუებული დარჩნენ. 13 000 ოჯახია დაზარალებული, მათ შორის, დიდი ნაწილი ემიგრანტები არიან. ჩვენი მთავარი ამოცანა თავიდანვე იყო ის, რომ მიუხედავად ურთულესი პრობლემისა, არცერთი დაუსრულებელი მშენებლობა არ იყოს ქალაქში. ამისთვის შევქმენით სპეციალური კომისია და დავიწყეთ მუშაობა. აქ მინდა გამოვყო დედაქალაქის საკრებულოს როლი, რადგან ეს კომისია ერთობლივია. კომისიამ 33 დაუმთავრებელ სამშენებლო ობიექტზე უკვე გასცა რეკომენდაციები და ნებართვების აღების სტადიაშია. აქედან 18 მისამართზე სამშენებლო პროცესი და პროცედურები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემა 90-95%-ით მოგვარდება.
„არსებული 179 ობიექტიდან ყველაზე დიდი იყო პირველი ხუთი პროექტი, ანუ 80%-ს შეადგენს „ცენტრ პოინტის“, „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელი მშენებლობები, რომლებიც წლების განმავლობაში იყო გაჩერებული. დღეს, 8 362 მისამართზე უკვე მიმდინარეობს სამშენებლო ან სარემონტო პროცესები. დარჩენილ 2 000-დან 3 000-მდე დაზარალებულის დასაკმაყოფილებლადაც შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ. მიმდინარეობს სანებართვო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე ამ პრობლემას 90-95%-ით მოვაგვარებთ“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.
საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა უწყების თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ასევე, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ახალგაზრდებს, იმ მოხალისეებს, რომლებიც პანდემიის პირობებში – მაშინ, როდესაც ძალიან რთული იყო მოქალაქეებთან ურთიერთობა, ყოველგვარი თხოვნის გარეშე გვედრით გვედგნენ და მაქსიმალურად ვეხმარებოდით იმ მოქალაქეებს, რომელთაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.