კახა კალაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

26/10/2017

კახა კალაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა, სებასტიან ჰუსონ დე სამპინიმ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც ნოემბრის ბოლოს ლუქსემბურგში გაიმართება.
მიწვევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრაზე მიიღო, რომელზეც მხარეებმა თბილისის განვითარების სამომავლო გეგმები და ამ მიმართულებით არსებული საინვესტიციო საჭიროებები განიხილეს.
კახა კალაძის თქმით, ის განაგრძობს საერთაშირისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრებს, რათა წინასაარჩევნოდ გაჟღერებული ინფრასტრუქტურული პროექტები მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდეს.
„მიმართულებები, რომელზეც მათი მხრიდან ყურადღება გამახვილდა და გამოთქვეს დახმარების სურვილი, არის ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები და „სმართ სითი“. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდა ნაკლები ბიუროკრატია, უფრო მეტი სიახლე, ინოვაცია, თანამედროვეობა და ეს ყველაფერი მომდევნო წლების განმავლობაში აუცილებლად განხორციელდება. მომდევნო დღეების განმავლობაში ვაპირებთ შევხვდეთ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა ენერგეტიკის სექტორში, გვინდა გადმოვიტანოთ მერიაში, რათა შესაძლებელი იყოს დაგეგმილი პროექტების განხორციელება“ – განაცხადა თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0