კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი სოფელ მაღრაანის მოსახლეობას შეხვდა

10/08/2017

ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ მაღრაანის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი რეგიონული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს შეეხო. აქცენტები გაკეთდა კონკრეტულ მიზნებზე, სოფლებში პრიორიტეტული დარგების განვითარების ხელშეწყობასა და მათი დაფინანსების წყაროებზე. აღინიშნა, რომ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის აქტიური ფორმა, სოფლებში ეკონომიკური აქტივობების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კარგი წინაპირობაა.
“მართალია, ჯერჯერობით, აქ გვაქვს ადგილებზე მეწარმეობის განვითრების და მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენს სოფლებს აქვს აუთვისებელი რესურსი, რომლის გონივრული გამოყენება ამ ხარვეზებს გაასწორებს და ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას. კარგია, თუ სოციალურ ფაქტორთან ერთად, დარგის მომავალზეც ვიფიქრებთ. მაგალითად, ქართული ვაზის ჯიშების სახით, საქმე გვაქვს ეროვნულ სიმდიდრესთან. ერთერთი მათგანია „მაღრაანული ქისი“, მას გააჩნია ბევრი თანამედროვე ჯიშისგან განსხვავებული, განუმეორებელი თვისებები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს ამ და სხვა უნიკალური ჯიშების აღდგენაზე, სამომავლოდ მისი სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოყენების მიზნით. მინდა, უფრო მეტად დაინტერესდეთ ამ კულტურით. მე, პირადად, მივმართავ შესაბამის სამსახურებს ინიციატივით, რომ სოფლების: მაღრაანის, ფიჩხოვანის, არგოხისა და ბაბანეურის ტერიტორია მოექცეს სპეც.ზონის სტატუსის ქვეშ და „მაღრაანული ქისის“ სახით, გვქონდეს, კიდევ ერთი, ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. ანალოგიური ინიციატივა მაქვს ახმეტის მიკროზონის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც დამზადდება ადგილწარმოშობის სასახელების ღვინო „კახური მწვანე“. ტრადიციები კარგია, მაგრამ შედეგისთვის აუცილებელია უფრო პრაქტიკული მიდგომები და ყველა იმ დახმარების გამოყენება, რასაც ხელისუფლება ხალხს სთავაზობს.“ – განაცხადა გელა სამხარაულმა. დეპუტატმა ვრცლად ისაუბრა კოოპერაციის უპირატესობებზე და იმ საგადასახადო შეღავათებზე, რითაც კოოპერატივები სარგებლობენ. ასევე, გრანტებზე ხელმისაწვდომობასა და ბენეფიციართა კვალიფიკაციის უსასყიდლოდ ამაღლებაზე. ყურადღება გამახვილდა შინამეურნეობების წყლით მომარაგების საკითხებსა და თანამედროვე, წვეთოვანი სარწყავი სისტემების დანერგვის უპირატესობაზე. სამხარაულის განცხადებით, რეგიონული მახასიათებლების სწორად გამოყენება მომგებიანი იქნება ტურისტების მოზიდვის მხრივაც, ჯამურად კი ყველაფერი მოსახლეობის შემოსავლებზე აისახება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0