კახეთის გუბერნატორმა სამხრეთ აფრიკის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა

21/09/2017

კახეთის რეგიონს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კეიპის ღვინის რეგიონს შორის ურთიერთთანამშომლობის შეთანხმების ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შედგა და მას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი ,გუბერნატორის აპარატის უფროსი ნინო უტიაშვილი, კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ შაოშვილი , სამხრეთ აფრიკაში საქართველოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი მარიუს ჰეინსი, დამეგობრებული კეიპის ღვინის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაგეგმარების საბჭოს წევრები, რაგბის აკადემიის წარმომადგენლები და უკრაინაში სამხრეთ აფრიკის კონსული ესწრებოდნენ. სამხრეთ აფრიკის დელეგაცია კახეთში 2 დღეს დარჩება, ვიზიტის ფარგლებში ისინი კახეთს დაათვალიერებენ. შეხვდებიან ბიზნეს და ტურიზმის, ასევე ახალგაზრდობის და სპორტის სექტორის წარმომადგენლებს. დაგეგმილია შეხვედრა თელავის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთანაც. კახეთის და კეიპის რეგიონებს შორის ურთიერთობებს დიდი ხანია ჩაეყარა საფუძველი. უკვე ორი წელია წარმატებით მიმდინარეობს მეღვინეების გაცვლითი პროგრამა, ასევე რაგბის სფეროში თანამშრომლობა, დაწყებულია დიალოგი თელავის უნივერსიტეტსა და სტელებოშის უნივერსიტეტს შორის ღვინის მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე. 2017 წლის ივნისის თვეში კი კახეთის რეგიონს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კეიპის ღვინის რეგიონს შორის ურთიერთთანამშომლობის შეთანხმების დოკუმენტს ოფიციალურად მოეწერა ხელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0