კლდისუბანში და ბესელაშვილებში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა

12/02/2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტს ეწვია და სოფლებში კლდისუბანსა და ბესელაშვილებში თანამედროვე სტანდარტების ახალი ხიდის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ. მდინარე აჭარისწყალზე აშენებული ხიდი ორ სოფელს ცენტრალურ გზასთან დააკავშირებს. პროექტი აჭარის მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მიმდინარე სამუშაოებზე 390.000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია ,,სინათლე 2006“-მა განახორციელა. ხიდი, ამავდროულად, სამკურნალო წყლებთან (შუახევის აბანო) მისასვლელი ერთადერთი გზაცაა. პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საავტომობილო გზიდან ხიდამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც განხორციელდა. ზურაბ პატარაძემ კლდისუბნისა და ბესელაშვილების მაცხოვრებლებს ახალი ხიდი მიულოცა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინეს და დღეს ორივე სოფელს ახალი ხიდი აქვს. ,,დღეს აქ განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. დასრულდა ახალი ხიდის მშენებლობა. 400 000 ლარამდე დაიხარჯა ამ ხიდის აშენებისთვის. ორი სოფლის მოსახლეობას მიეცემა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. ეს იყო ხალხის დაკვეთა, ხალხის მოთხოვნა. ადგილობრივი მოსახლეობა გვწერდა სოციალურ ქსელებშიც. დღეს სიტყვა იქცა საქმედ და მივიღეთ ახალი, თანამედროვე ტიპის ხიდი, რაც მისცემს საშუალებას ადგილობრივებს გადაადგილდნენ თავისუფლად. იმოძრავებს ავტოტრანსპორტიც. ტურისტული პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისითაც ამ მიმართულებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. აქ მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტებია. მომავალში სამკურნალო წყლების მოწყობაცაა დაგეგმილი, ბევრი ტურისტი ამოვა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის მთის გაძლიერება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ხიდის მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული. ხიდის სიგრძე 60 მეტრი, ხოლო სიგანე 5,4 მ-ია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0