კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

28/11/2017

საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ წარადგინა.
მომხსენებელმა იმ ძირითად პრინციპულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც ცვლილებების განხორციელება განაპირობა.
მომხსენებლის განმარტებით, ხდება სამინისტროების შერწყმა და კონკრეტული ფუნქციებით რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება.

შალვა თადუმაძის განცხადებით:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ხდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული სტრუქტურის კომპონენტის შერწყმა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სახელად განესაზღვრება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელი არ ეცვლება თუმცაღა, მასში ხდება ენერგეტიკის სამინისტროს შერწყმა. ასევე, ხდება გარემოს დაცვის სამინისტროდან მხოლოდ წიაღისეულის კომპონენტის შერწყმა.
იცვლება კულტურის სამინისტროს სახელი, რომელთანაც ხდება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტის შერწყმა და განისაზღვრება კულტურისა და სპორტის სამინისტროდ.
მომხსენებლის ინფორმაციით, დანარჩენი სამინისტროები რჩება იგივე სახით.
აღნიშნული კანონპროექტით წარმოდგენილი არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. მომხსენებლის განმარტებით, ეს არ არის კანონის რეგულირების სფერო.

„ეს მოხდება მთავრობის დადგენილებებით მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი კანონპროექტები უკვე მიღებული და იურიდიული ძალის მქონე იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ცვლილებები საკმაოდ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ როგორც ფინანსური, ადამიანური რესურსებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების გათვალისწინებით, აღნიშნულ კანონპროექტს ემატება გარდამავალი დებულებები, სადაც განისაზღვრება ის ვადები და ფუნქციები, თუ როგორ განისაზღვრება ზოგადად, ვინ იქნება ვისი უფლებამონაცვლე, სამართალმემკვიდრე, ვინ იქნება მხარჯავი ორგანიზაცია, როგორ აისახება საბიუჯეტო საკითხები, რა ვადებში მოხდება რეორგანიზაცია, ოპტიმიზაცია, შერწყმის პროცესის დასრულება“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ. მთავრობის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მაქსიმალური ვადა არის 3 თვე.

„გათვალისწინებულია, რომ ამ პერიოდში აღნიშნულმა უწყებებმა უნდა მოახდინონ შერწყმის, რეორგანიზაციის და ოპტიმიზაციის პროცესი. 6 თვის ვადაში უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება. მთავრობა იღებს ვალდებულებას, ამ პროცესის დასრულების შემდეგ განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები სამინისტროების, შესაბამისი სიპების, აიპების და საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებში“, – განმარტა მომხსენებელმა.

აღნიშნული რეფორმა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ხორციელდება სახელმწიფო დაზვერვის სამსახურთან შერწყმა, იმ ფუნქციებით, რა ფუნქციებიც კანონით ჰქონდა გათვალისწინებული სახელმწიფო დაზვერვის სამსახურს. შესაბამისი ცვლილებები შედის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში, სადაც სრულად არის გადატანილი ის ფუნქცია-მოვალეობები, რომელსაც ახორციელებდა სახელმწიფო დაზვერვის სამსახური.
აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ხდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაცია, მის ბაზაზე ყალიბდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება საგანგებო სიტუაციების მართვა ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე.
„აღნიშნული სამსახური იქნება პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში. ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც კრიზისების მართვის საბჭოს გააჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახური იქნება მისი სამართალმემკვიდრე, სრულად იქნება გადაცემული ამ სამსახურის მმართველობაში. ეს ცვლილებები შედის როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში ასევე, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის შესახებ კანონში, საიდანაც ამოღებული იქნება ის თავი სადაც მოხსენიებულია ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. შესაბამისი მაკოორდინირებელი ფუნქციები პოლიტიკურ და სტრატეგიულ დონეზე განესაზღვრება მთავრობას“, – განმარტა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ცვლილებები შედის თანმდევ 110 კანონში, რომელიც სახელების ჩანაცვლებას და კანონებში ფუნქციების გადანაწილებას ითვალისწინებს იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა კომპონენტები სხვადასხვა სამინისტროებში გადადის და აქამდე კანონმდებლობით გაწერილი ფუნქციები გადანაწილდება იმ სამინისტროებზე, რომლებიც უკვე წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით სამართალმემკვიდრე სამინისტროებად განისაზღვრება.
რაც შეეხება ადამიანური რესურსის მართვის საკითხს, მომხსენებლის განმარტებით, მთავრობა შესაბამის უწყებებს, რომლებიც როგორც სამართალმემკვიდრე ისე, მხარჯველ ორგანიზაციად გამოცხადდებიან რეორგანიზაციის, ოპტიმიზაციის და შერწყმის პროცესის განსახორციელებლად, გარკვეულ ვადას განუსაზღვრავს, რის შემდეგაც ცალსახად დაფიქსირდება თუ რა სახის საბიუჯეტო ცვლილება იქნება ამ პროცესის დასრულების შედეგად გამოწვეული.

„რაც შეეხება თანამშრომლების, საჯარო მოხელეების დაცვას, ის სრულად იქნება უზრუნველყოფილი იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი სრულად უზრუნველყოფს იმ პირების კომპენსაციას, მობილობას და სხვა საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ზოგადად, რეორგანიზაციის, ოპტიმიზაციის და უწყებების შერწყმის შემთხვევაში“, – განმარტა შალვა თადუმაძემ.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატების მხრიდან გამოითქვა კრიტიკული შენიშვნებიც და რეკომენდაციებიც.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ბერაიას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით, ხორციელდება უსაფრთხოების ერთგვარი გადააზრება-ტრანსფორმაცია, რაც ბუნებრივია უზრუნველყოფს ამ სისტემის ბევრად უკეთ ფუნქციონირებას იმისთვის, რომ სისტემამ უკეთ უპასუხოს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებს.

„მისასალმებელია დაზვერვის სამსახურის ინტეგრაცია უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში, რაც უდავოდ გააუმჯობესებს ამ სამსახურებს შორის აქამდე არსებულ კოორდინაციას, შეამცირებს ოპერატიული ინფორმაციის და ანალიტიკური პროდუქტის გაცვლის დროს და ბარიერებს, უზრუნველყოფს ანალიტიკური საქმიანობის ერთ კოორდინირებულ სისტემაში არსებობას, რაც გაზრდის ეფექტიანობას და ბევრად პროდუქტიული იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. არის ქვეყნები სადაც არსებობს განსხვავებული მოდელებით თუმცა ყველა ქვეყანა ამ მოდელებს ირჩევს ინდივიდუალურად, საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევების საჭიროებების და რესურსების გათვალისწინებით. დაზვერვა არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების წინა ხაზი“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მან განმარტება ითხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელებს მთავრობა უკვე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას და კოორდინაციას პრაქტიკულ დონეზე. რა იქნება ის სტრუქტურული რგოლი, რომელიც მთავრობის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას მოახდენს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს კოორდინაციის მთავრობაში გადატანასთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ შესაძლოა გაჩნდეს დეფიციტი. ასევე, თვლის, რომ ანალიზისა და დაგეგმვის საკითხთან დაკავშირებით, პრობლემა სერიოზულია.

„მხარს ვუჭერ მთავრობის ამ ინიციატივას თუმცა, ვთავაზობ მთავრობას, პრემიერთან არსებობდეს ეროვნული ანალიტიკური სააგენტო, რომელიც სხვადასხვა უწყებებიდან მიიღებს ინფორმაციას და ანალიტიკურ შეფასებას, რომელსაც დაამუშავებს და საერთო ხედვას ჩამოაყალიბებს შესაბამისი პრიორიტეტების განსაზღვრით. ამით ჩვენ დავაბალანსებთ იმ დეფიციტს რაც გვაქვს კოორდინაციისა და პოლიტიკის დაგეგმვის ნაწილში. ამით დავზოგავთ რესურსს და გავზრდით ერთიან ეროვნულ ხედვას. მინდა პრემიერ-მინისტრის ზოგადი მიდგომა და პოლიტიკური სითამამე პოზიტიურად შევაფასო. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის წარმატების გასაღები არის მის მობილურობაში არსებული რესურსის სწორად და ეფექტურად გამოყენებაში. საჭიროა ძლიერი მმართველი რგოლი, კოორდინაციის მაღალი უნარ-ჩვევები და კონტროლის ძლიერი მექანიზმები. ეს არის ის გასაღები რითაც სახელმწიფომ მცირე რესურსით სწრაფად უნდა განავითაროს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანება არამიზანშეწონილია.
გიორგი გაჩეჩილაძეს ამ ორი სამინისტროს გაერთიანება დაუშვებლად მიაჩნია, რადგან მათ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებები გააჩნიათ. დეპუტატი სამინისტროების გაერთიანებით ინტერესთა კონფლიქტს ხედავს. მისი თქმით ამ სტრუქტურული ცვლილებით შესაძლოა მოხდეს გარემოს დაცვის სისტემების დასუსტება, რაც მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება. გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, გარემოს დაცვის თემა უნდა იქნას პრიორიტეტად შენარჩუნებული.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე დაგეგმილ ცვლილებებში ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეებს ხედავს და მიაჩნია, რომ როცა მომხმარებელი და მარეგულირებელი არის ერთ უწყებაში, აქ არის პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი.
კახაბერ კუჭავა მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სხვა სამინისტროსთან მიერთებით, პრიორიტეტულობას კარგავს გარემოს დაცვა. მისივე თქმით, საქართველოს აღებული აქვს გარემოს დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების ვალდებულება. მისთვის გაუგებარია, რატომ უქმდება გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელსაც სხვა უწყებებთან შედარებით, ყველაზე დაბალი ბიუჯეტი აქვს.

„გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმართებაში მიდგომა არასწორია. ის პრიორიტეტულობას დაკარგავს. ჩვენ უნდა შევეცადოთ ეს სამინისტრო მაქსიმალურად გავაძლიეროთ. იმ რეალობის გათვალისწინებით რა რეალობის წინაშეც საქართველო გარემოს დაცვის კუთხით დგას არ შეიძლება მისი რომელიმე სამინისტროსთან შეერთება“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

„გარემოზე ზრუნვა, უპირველეს ყოვლისა ჩვენ და ჩვენ მომავალ თაობებს სჭირდებათ“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციების საგარეო საქმეთა სამინისტროში გადატანა, თამარ ხულორდავამ წამოაყენა წინადადება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არა მხოლოდ შინაარსში და სტრუქტურაში გაჩნდეს შესაბამისი უწყება, რომელიც ევროპული ინტეგრაციის თემის კოორდინაციას უზრუნველყოფს, არამედ ესმის სათაურშიც აისახოს.

„ეს იყოს პოლიტიკური გზავნილიც და პოლიტიკური დონის განმსაზღვრელიც. ევროპასთან ინტეგრაცია გულისხმობს ქვეყნის შიგნით ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების განხორციელებას. ამის კოორდინაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუძლია, მაგრამ ეს სათანადოდ უნდა აისახოს მის სტრუქტურაშიც, შინაარსშიც და ამასთან ერთად სახელწოდებაშიც“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ. კოლეგებმა გაიზიარეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეს ინიციატივა.

„მნიშვნელოვანია საგარეო კუთხით ხაზი გაესვას საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპული ინტეგრაციის კომპონენტის სახელწოდებაშიც გამოჩენას, რათა არათუ დავკარგოთ არამედ, კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანოთ ევროპული ინტეგრაცია. სამინისტროს სახელში ამის ყოფნა იქნება მნიშვნელოვნად დამოკიდებული გაცხადებული პრიორიტეტის კიდევ ერთხელ ხაზგასმაზე“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა.

სხდომაზე გამოთქმული წინადადებების თანახმად, დეპუტატები მიიჩნევენ, რომ რადგან ახალგაზრდული საქმეები გადაეცემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შესაბამისად, ეს სახელწოდებაშიც უნდა აისახოს და დაერქვას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
გიორგი ვოლსკი კი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა დაერქვას საგარეო, ევროინტეგრაციული და დიასპორის საკითხთა სამინისტრო.

„ნებისმიერი სამინისტროს სახელზე მსჯელობისთვის ჩვენ ღია ვართ. საკითხის წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განხილვამდე ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ამ მიმართულებით კონსულტაციების გამართვა“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

„არცერთი კომპონენტი ცვლილებების შედეგად, არ განიცდის შესუსტებას. პირიქით, მთლიანად ორიენტირებულია იმაზე, რომ მმართველობა უფრო ეფექტური გახდეს, ეს საკითხები გაწერილი იქნება დებულებებში, რომელიც ბუნებრივია საჯარო იქნება“, – განაცხადა მომხსენებელმა.

„ჩვენ მოგვიწევს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება გამომდინარე იმ სტრუქტურული ცვლილებებიდან, რომელსაც ჩვენ ახლა ვიღებთ“, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებმა მთავრობის საკანონდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირეს იმ შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც სხდომაზე იყო წარმოდგენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0