კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტები განიხილეს

17/02/2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტები, სარატიფიკაციო დოკუმენტი და საკანონმდებლო წინადადებები განიხილეს. კანონპროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძულების ღონისძიებების გამოყენების რეგულაციის სფეროში ერთიანი ტერმინოლოგიის და მიდგომის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, კომიტეტის წევრებმა მესამე მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის კონკრეტულ თანამშრომლებს უფლება აქვთ, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენონ. კანონპროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტულ მუხლებთან მიმართებით, შესაბამის გარემოებებს და მითითებით ნორმებს აზუსტებს. წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე შენიშვნები არ გამოთქმულა და დეპუტატებმა მის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა კომიტეტმა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წლით განისაზღვრა. პროექტი, ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადის არა უმეტეს 5 წლით გაგრძელებას ითვალისწინებს.
წარმოდგენილ კანონპროექტს კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში ცვლილება ნომერი ერთი“ განიხილეს და შეთანხმებაში განხორციელებულ ცვლილებას მხარი დაუჭირეს. დოკუმენტი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობას, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელა.
საკანონმდებლო წინადადება მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის ქორწინებაში შესვლის შემთხვევაში, მისი სტატუსის გაუქმებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დეტალურად განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მოსაზრებით, საკითხი რეგულაციას საჭიროებს, მაგრამ მისი ცალსახად განხილვა მართებული არ არის. „ეს საკითხი უფრო ფართო ხედვით, ბევრი საკითხის ჩართულობით და სხვა კანონებთან ერთად, კომპლექსურად უნდა იყოს განხილული,“- განაცხადა ეკა ბესელიამ. კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი საკითხს, რომ კომიტეტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი წინანადების საკანონმდებლო ინიციატივად ჩამოყალიბებაზე იმუშავებს.
კომიტეტმა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე უარყოფითად შეაფასა. სხდომაზე აღინიშნა, რომ ეს დოკუმენტები პარლამენტს განხილული აქვს და მათზე უარყოფითი დასკვნაა გაცემული, ამიტომ მათი ხელახლა განხილვა დეპუტატებმა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქე გიორგი ლაბაძის საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელა, რომლის მიხედვით, მგლებზე ნადირობის დაშვებას ითხოვს, წინადადების ავტორის მოსაზრებით, მათი სიმრავლე საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და სოფლის მეურნეობის წარმართვასა და განვითარებას აფერხებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე კანონპროექტის მომზადება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, პარტიის საარჩევნო რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს.
წინადადება პარტიებისთვის, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავთ, საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის ვადას საარჩევნო წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე განსაზღვრავს.
„მალე დაიწყება მუშაობა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე. ვფიქრობთ, ფრაგმენტული ცვლილებების განხორციელება ვნებს კანონს, ამიტომ, ეს საკითხებიც საერთო ჭრილში უნდა იყოს განხილული,“- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა. სხდომაზე რამდენიმე საორგანიზაციო საკითხიც განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0