კონსენსუსის მიუღწევლობაში მხარეების წვლილთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას პოზიცია გამოხატული არ აქვს

23/09/2017

„ვენეციის კომისია საუბრობს კონსენსუსის მნიშვნელობაზე და ამ სულისკვეთებას ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ, თუცა რაც შეეხება მხარეების წვლილს მის მიუღწევლობაში, ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას პოზიცია გამოხატული არ აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მედიის წარმომადგენელთა კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი ვენეციის დასკვნაში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსის თაობაზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დასკვნის მიხედვით, სამწუხაროდ, არ არის მიღწეული ფართო კონსენსუსი, მაგრამ დოკუმენტში ხაზგასმულია ორივე მხარის როლი.
„აქ საუბარია მმართველ პარტიაზე, აქ საუბარია უმცირესობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ კონსენსუსისთვის, პრაქტიკულად, არაფერი გააკეთა საპარლამენტო თუ არა საპარლამენტო ოპოზიციამ. ჩვენ ძალიან მარტივი რამ შევთავაზეთ ოპოზიციურ პარტიებს – ვთხოვეთ იმ საკითხების ჩამოწერა, რომელთა ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ესეც კი არ გააკეთეს, რითაც გადამწყვეტი დაბრკოლება შეუქმნეს კონსენსუსის ჩამოყალიბებას. ვენეციის კომისია საუბრობს კონსენსუსის მნიშვნელობაზე და ამ სულისკვეთებას ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ, თუცა რაც შეეხება მხარეების წვლილს მის მიუღწევლობაში, ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას პოზიცია გამოხატული არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არის თუ არა საუბარი ვენეციის კომისიის დასკვნაში პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია ისურვებდა 2020 წელს პროპორციული სისტემის შემოღებას. „მე პირადად ამ სულისკვეთებას ვიზიარებ. ვიყავი და ვარ პროპორციული საარჩევნო სისტემის აქტიური მხარდამჭერი. თუმცა ეს გახდა შეუძლებელი და ამაშიც ნეგატიური როლი შეასრულა ოპოზიციამ. ვენეციიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის იმ პირობებში, რომ 2020 წლისთვის ამოქმედდებოდა პროპორციული სისტემა. თუმცა მათ ამაზე უარი განაცხადეს და ამან შეუძლებელი გახადა 2020 წლისთვის საპარლამენტო პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0