კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

29/12/2017

დღეს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოასვენეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი. აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს დახვდნენ და ქართველი დიპლომატის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, დიპლომატის კოლეგებმა და ახლობლებმა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელჩის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად იმყოფებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და უწყების თანამშრომლები. კონსტანტინე ზალდასტანიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდგომ 2017 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. 2013 წლიდან დღემდე იგი გახლდათ საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენელი ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. სხვადასხვა დროს კონსტანტინე ზალდასტანიშვილს ეკავა ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიცია, საქმიანობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს მისიებში, 1995-1998 წწ-ში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გახლდათ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის თანამდებობა. ღვაწლმოსილ ქართველ დიპლომატს 2017 წლის 31 დეკემბერს თბილისში დაკრძალავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0