კონსტიტუციის კანონპროექტის ახალ რედაქციას ოზურგეთის მოსახლეობა გაეცნო

24/05/2017

ქალაქ ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მიესალმა და საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებზე ვრცელი პრეზენტაცია პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა წარმოადგინა.
„ქვეყნის უზენაესი კანონის შემუშავების პროცესში მონაწილეობით, ისტორიული შანსი გვეძლევა. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის უკეთესი განვითარებისთვის იქნება მიმართული“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
ადგილობრივ მოსახლეობას მმართველი პოლიტიკური ძალის არგუმენტებზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მოქმედი კონსტიტუციის ცვლილების აუცილებლობაზე ყველა თანხმდება, თუმცა მის შინაარსთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მისივე შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებებით ქვეყნის უზენაესი კანონი ევროპული სამართლის პრინციპებთან შესაბამისობაში მოდის, სადაც მკაფიოდ გაიწერება კონსტიტუციის თითოეული თავი, დალაგდება მისი სტრუქტურა, რაც მოსახლეობას კონსტიტუციური ტექსტისადმი ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
კონსტიტუციური პროექტის სამართლებრივ საფუძვლები და მათი იმპლემენტაციის მნიშვნელობა, ოზურგეთის მოსახლეობას, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრმა, ვასილ გონაშვილმა გააცნო. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებები კი პარლამენტის წევრმა, ლელა ქებურიამ წარმოადგინა.
შეხვედრას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მოქალაქეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ძირითადი გამოსვლების დასრულების შემდეგ, საყოველთაო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობამ ოზურგეთში საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩატარებისთვის კმაყოფილება გამოთქვა და კონსტიტუციურ პროექტის ახალ რედაქციაზე საკუთარი შეხედულებები წარმოადგინა. ადგილობრივების შეკითხვები, როგორც კონსტიტუციის პრინციპებს, ასევე თვითმმართველობის საკითხებს შეეხებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0