კონსტიტუციის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მოწვეული რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა მუშაობას შეუდგა

26/07/2017

საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 25 ივლისის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მოწვეული რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა მუშაობას შეუდგა. დეპუტატებს განცხადებებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული დრო დაეთმოთ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა გამოსვლები პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებულ პოზიციებს, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორისა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას შეეხებოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, უმრავლესობა დაძლევს ვეტოს არა იმიტომ, რომ მას ეს შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის აუცილებელი, რათა ქვეყანას ჰქონდეს უკეთესი კანონმდებლობა, თვითმმართველობა და საარჩევნო სისტემა, ვიდრე ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვა.
პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, როგორც საკომიტეტო მოსმენების დროს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობისას გამოიკვეთა, წარმოდგენილი შენიშვნები მხოლოდ ჰიპოთეზებს და ვარაუდებს ეფუძნებოდა.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა პარლამენტის წევრების ვიზიტს სასაზღვრო სოფლებში და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია და სახელმწიფო არ იშურებს ძალისხმევას, რომ ხალხს გვერდში დაუდგეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0