კრიზისული სიტუაციების ტაქტიკური დონის მართვის სასწავლო კურსი ჩატარდა

22/09/2017

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის ტაქტიკური დონის მართვის სასწავლო კურსი ჩატარდა. სწავლებას, რომელიც ეროვნულ სიტუაციურ ოთახში 19-22 სექტემბერს გაიმართა, სამართალდაცვით საკითხებში საერთაშორისო მრჩეველები რიჩარდ ბარტონი და კევინ სვინი, ასევე, ექსპერტი კრიზისული სიტუაციების, უსაფრთხოებისა და რისკების სფეროში სტუარტ ჰარისონი ხელმძღვანელობდნენ. სწავლებაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შონაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ტრენინგი მიზნად ისახავდა ტაქტიკური დონის მეთაურების (ე.წ. bronze commander) მომზადებას – კრიზისული სიტუაციის ეფექტური მართვის მიზნით, უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა კრიზისული სიტუაციების სტრატეგიული და ოპერაციული დონეების მართვის სასწავლო კურსები 2015-2016 წლებში დიდი ბრიტანეთის ქალაქ იორკში, საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კოლეჯში გაიარეს. ტაქტიკური დონის მართვის სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ბრიტანელი კონსულტანტების მიერ მომზადებული ქართველი ტრენერები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, კრიზისული სიტუაციების მართვის სასწავლო კურსებს ჩაატარებენ. კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების სფეროში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერა და ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0