კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ prof-news-ს ერთ-ერთი ბრალდებულის ირაკლი ყიფშიძის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, ისინი მოითხოვენ სააპელაციო სასასმართლომ გააუქმოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.
ველიჯანაშვილი განმარტავს, რომ არათუ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, არამედ საქმეზე დაკავებულთათვის ბრალის გამოტანის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

„პირველ რიგში კვალიფიკაცია სულ სხვაა წაყენებული, განზრახ არასწორად არის დაკვალიფიცირებული, დანაშაული რომც იყოს ჩადენილი, მუხლი, რომელიც უნდა წაეყენებინათ, ამნისტირებულია, სამოხელეო დანაშაულის მუხლით წაუყენეს ბრალი, რაც არ შეიძლება და საერთოდ, ირაკლი ყიფშიძესთან მიმართებაში მტკიცებულებები არ არის“, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.

მისივე თქმით, არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც ასეთ დანაშაულს ესადაგება და განსაზღვრულია შემდეგნაირად – სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების მოპოვება სამსახურებრივი უფლებამოსილებდის გამოყენებით. „როცა ასეთი სპეციალური მუხლი არსებობს, არ შეიძლება ზოგადი მუხლით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით დააკვალიფიცირო საქმე“, – განაცხადა ბრალდებულ ირაკლი ყიფშიძის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

სასამართლომ ე.წ. უკანონო მოსმენის საქმეზე დაკავებულ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 აპრილს შეუფარდა.
პატიმრობა შეეფარდათ : შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რევაზ შიუკაშვილს; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან ზაალიშვილს; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ყიფშიძეს; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილ უფროსს ზურაბ პავლიაშვილი და შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილ მოადგილეს გიგლა შიოშვილს.

Visited 164 times, 1 visit(s) today