კულტურის სამინისტროს თეატრის რეალური მხარდაჭერის საშუალებას მისცემს

17/04/2023

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი რაჭაში სამუშაო ვიზიტისას მუნიციპალიტეტისა და თეატრის სფეროს წარმომადგენლებთან, ამბროლაურის კულტურის ცენტრის დირექტორთან და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ თამაზ დაუშვილთან ერთად, კულტურის ცენტრში გამართული სპექტაკლის ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ პრემიერას დაესწრო, რომელიც მოწვეულმა რეჟისორმა მამუკა ცერცვაძემ დადგა. სპექტაკლი ეხება აგვისტოს ომის მოვლენებს და მასში ამბროლაურის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ ონის თეატრის მსახიობი გიორგი ბერიშვილი, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის მსახიობები ნანუკა ისიანი და გიორგი გლოველი და ამბროლაურის თეატრის დასიდან მსახიობები – ზაზა მეტრეველი, ირინა ჩიხრაძე, ლილიანა მხეიძე, თამარ ობოლაშვილი, ლადო გოგოლაძე, დავით დაუშვილი, გელა ისიანი და სხვანი. მინისტრმა თეატრის ხელმძღვანელობას, ადგილობრივ და მოწვეულ მსახიობებს მიულოცა წარმატებული პრემიერა და სხვადასხვა რეგიონის თეატრის დასებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თეა წულუკიანი პრემიერაზე მოწვეულ სხვადასხვა რეგიონის კულტურის ცენტრების წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ სპეციალურად სახალხო თეატრებისთვის დაარსებული ,,სიღნაღის თეატრალური ფესტივალის” შესახებ ესაუბრა და მასში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს თეატრისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების საკითხზე მუშაობისთვის, რაც კულტურის სამინისტროს თეატრის რეალური მხარდაჭერის საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ 1946 წელს ამბროლაურში ჩამოყალიბდა დრამატული ჯგუფი, ხოლო 1959 წელს საქართველოში “სახალხო თეატრის” წოდება პირველმა ამბროლაურის თეატრმა მიიღო, რეჟისორ გიგა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით; მას შემდეგ თეატრი დღემდე აქტიურად განაგრძობს შემოქმედებით საქმიანობას; თეატრში სხვადასხვა რეჟისორის ხელმძღვანელობით არაერთი სპექტაკლი დაიდგა. დაწესებულებას წლების მანძილზე მიღებული აქვს პირველი ხარისხის დიპლომები, სიგელები და გრანპრი. თეატრის დასის შემადგენლობაში არიან მსახიობები, რომლებიც თეატრში 40-50 წელია მოღვაწეობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0